ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ დადეშიდან ვარაზდატ აკოპიანი საძოვრების უქონლობისა და მოვლის სიძვირის გამო იძულებული გახდა ჰოლშტაინის ძროხები გაეყიდა, რომელთა მოშენებაც 4 წლის წინ დაიწყო. თუმცა, ევროპული ჯიშების მოშენებაზე უარი არ უთქვამს, რადგან ბევრ რძეს იძლევიან.
Jnews-ი აკოპიან ვარაზდატის ევროპულ ძროხებსა და მათი მოშენების გეგმაზე ჯერ კიდევ 2019 წელს საუბრობდა. ახლა კი გადავწყვიტეთ გაგვერკვია, როგორ განვითარდა ვარაზდატ ჰაკობიანის ბიზნესი.
აღმოჩნდა, რომ ვარაზდატ აკოპიანმა უსახსრობის გამო ბიზნესი ვერ განავითარა. 2019 წელს მან 15 ჰოლშტაინის ძროხა იყიდა, სესხი აიღო და თითოეულში 6 500 ლარი გადაიხადა. ძროხები წელიწადში 4 ტონა რძეს აძლევდნენ, მაგრამ ბევრს ჭამდნენ და განსაკუთრებული საკვები სჭირდებათ, რადგან შედარებით ნაზები არიან.
აკოპიანებს სახელმწიფოსგან მხარდაჭერის მიღების იმედი ჰქონდათ, თუმცა უშედეგოდ; ადგილობრივ ხელისუფლებას მათთვის საძოვრების გამოყოფა სთხოვეს, თუმცა უარი მიიღეს. ძროხებს საკმარისი საკვები არ ჰქონდათ და ფინანსური სირთულეების გადალახვაც ვერ შეძლეს.
„სენაჟი, თივა – მათ განსაკუთრებული საკვები სჭირდებათ, ჩვენ კი თივის შესანახად საკმარისი საძოვრები არ გვქონდა. დახმარებისთვის ადგილობრივ ხელისუფლებას მივმართეთ, მაგრამ საძოვრები არ გამოგვიყეს და იძულებულნი გავხდით გაგვეყიდა“, – ჰყვება ვარაზდატის დედა ალისა აკოპიანი.
აკოპიანების კომპანიას “მონი” ჰქვია. მისივე თქმით, სესხი ძლივს დაფარეს.
ერთი დიდი თივის სატვირთო მანქანა 12 000 ლარად იყიდეს და ამანაც ვერ გაძლო დიდხანს. ალისას თქმით, როგორც კი ეს საკვები მიიღეს, რძის პროდუქტიულობა მაშინვე გაიზარდა.
„ძროხების ღირებულება ძლივს დაიფარა, მაგრამ თავადაც ხომ უნდა ვიცხოვროთ, გვქონდეს შემოსავალი…ამიტომ გავყიდეთ ისინი“, – განმარტავს ალისა აკოპიანი.
თუმცა 15-ვე ძროხა არ გაუყიდიათ და ორი ძროხა და ორი ხბო დაიტოვეს. მიღებული თანხით 2019 წელს აღებული მთლიანი სესხი დაფარეს. შემდეგ თანხა, 10 000 ლარი, ხელმეორედ გამოიტანეს და შვეიცარიული ხორცი-რძის ჯიშის 2 ძროხა იყიდეს.
აკოპიანებს ეშინიათ, რომ ეს საქმე არ გამოუვათ, მაგრამ არც მეურნეობის გარეშე უნდათ ცხოვრება.
“სხვა საარსებო საშუალება არ არის. სოფელში ცხოვრება სოფლის მეურნეობის გარეშე შეუძლებელია; როგორ შეიძლება სოფელში იცხოვრო და არაფერი აკეთო”, – აღნიშნავს ალისა აკოპიანი.
აკოპიანებს კვლავ სახელმწიფოს მხარდაჭერისა და წარმატების იმედი აქვთ.