დიმიტრი კოსტიუკევიჩი ოჯახთან ერთად ახალქალაქს ეწვია და ნათესავებს, ბიძას – მიშა გასპარიანსა და დეიდას – ასია გასპარიანს ეძებს. იმედოვნებს, რომ ბაბუა იოანე გასპარიანიც ცოცხალია და შეხვდება.
დიმიტრი მეუღლესთან და სამ შვილთან ერთად საქართველოში 6 იანვარს ჩამოვიდა, 13 იანვარს კი ლიტვაში ბრუნდებიან. ისინი დასასვენებლად ჩამოვიდნენ, მაგრამ მთავარი მიზანი ნათესავების პოვნა იყო.
“1958 წლის სექტემბერში ბაბუაჩემი ჰოვანეს არსენოვიჩ გასპარიანი გუდაუთაში ბებიას მარია სტეპანოვნა პეტროვას შეხვდა. მშენებელი იყო, ნამდვილად ოქროს ხელები ჰქონდა. მისი აშენებულია ორსართულიანი სახლიც. შემდეგ დედაჩემი, ოლგა დაიბადა. ბაბუა და ბებიაჩემი ერთმანეთს 1970-იანი წლების შუა ხანებში გაეყარნენ “, – ჰყვება დიმიტრი.
ჰოვანეს გასპარიანი და მარია გასპარიანი (პეტროვსკაია)
ახალქალაქში პირველი ქორწინებიდან იოანე გასპარიანს შვილები, ვაჟი და ქალიშვილი, ჰყავდა, დიმიტრის თქმით, დაახლოებით 1948-1950 წლებში დაბადებული. ბელორუსელთან მეორე ქორწინებისას ჰოვანესი პირველი ქორწინებიდან შეჩენილ ბავშვებთან ურთიერთობას ინარჩუნებდა. დიმიტრის დედამ და-ძმა ნახა, მამასთან ერთად ახალქალაქსაც ესტუმრა და ბებიის დაკრძალვაზე მივიდნენ.
ჰოვანესი მეორე ცოლთან და ქალიშვილთან, პირველი ქორწინებიდან, ასია გასპარიანთან ერთად გუდაუთაში
მას შემდეგ, რაც ჰოვანეს გასპარიანი მეუღლეს, მარიას, გაშორდა, შემდეგ რამდენიმე წლის განმავლობაში ქალიშვილთან ურთიერთობას ინარჩუნებდა, მაგრამ 1970-იანი წლების ბოლოს კავშირი გაწყდა და დიმიტრის დედას მამაზე არაფერი სმენია, თუმცა მისი პოვნა სურდა. ნათესავებს სოციალურ ქსელებში ეძებდა, მაგრამ უშედეგოდ.
ასია გასპარიანი თავის ბიძაშვილთან
წარწერა წინა ფოტოს უკანა მხარეს: “ოლია! შეინახე და ყოველთვის დაიმახსოვრე შენი დები”
დიმიტრიმ გადაწყვიტა დაბრუნებულიყო იქ, საიდანაც ბაბუა იყო, რათა ნათესავებზე ინფორმაცია მოეძიებინა და ეპოვნა ისინი.
„ახალქალაქში ძალიან კეთილი ხალხი გავიცანით, ისინი უკვე ჩვენი ამხანაგები არიან: დაგვეხმარნენ, მოვიარეთ სოფლები. მიზანთან ძალიან ახლოს ვიყავით, რადგან ბიძაჩემისა და მამიდაჩემის მოსახელეები ვიპოვეთ, მაგრამ ისინი არ აღმოჩნდნენ. იმედს არ ვკარგავ, რომ მათ ვიპოვი და ბაბუას ჰოვანეს გასპარიანსაც, დაბადებული დაახლოებით 1923-1925 წლებში, შევხვდები“, – ჰყვება იგი.
დიმიტრი კოსტიუკევიჩი ოჯახთან ერთად
დიმიტრი პროფესიით იურისტია, ის 14 წელი ბელორუსულ ბანკში მუშაობდა, მაგრამ პოლიტიკური მიზეზების გამო იძულებული გახდა 2021 წელს ქვეყანა დაეტოვებინა. დღეს ოჯახთან ერთად ლიტვაში ცხოვრობს, ლტოლვილია. პროფესიით ენის ბარიერის გამო ვერ მუშაობს. მას და მის ოჯახს ბელორუსიაში, საკუთარ ადგილას დაბრუნება სურთ, მაგრამ არ იციან როდის შეძლებენ. მათ შორისაა დიმიტრის დედაც, იოანე გასპარიანის ქალიშვილი, ოლგა.