ახალი წლის ღამეს ახალქალაქში ხალხმრავლობაა. დღესასწაულზე რუსეთსა და სომხეთში მცხოვრები ჯავახები მშობლიურ ქალაქსა და სოფლებს უბრუნდებიან. მათი უმეტესობა საკუთარი მანქანებით მოდის და ვალდებულნი არიან საქართველოში დადგენილი საგზაო მოძრაობის წესები დაიცვან. ამიერიდან „ჭკვიანი“ კამერებით სხვა ქვეყნების ნომრების მქონე ავტომობილებიც დაჯარიმდებიან.
საპატრულო პოლიციის დეპარტამენტში JNEWS-ს აცნობეს, რომ 2023 წლის 1-ელი იანვრიდან „ჭკვიანი“ კამერები ყველა იმ დარღვევას დააფიქსირებს, რომლებსაც სხვა ქვეყნის ნომრის მქონე მანქანების მძღოლები ჩაიდენენ.
„ჯარიმების ვიდეოჩანაწერები შეგიძლიათ ვებგვერდზე police.ge-ზე იხილოთ, სადაც ჩანაწერსა და ჯარიმის გადახდის ვადებს მხოლოდ მანქანის ნომრის შეყვანით გადაამოწმებთ. მძღოლებს ჯარიმის გადახდა როგორც ნებისმიერი ბანკომატის საშუალებით, ასევე ბანკით, საზღვრის გადაკვეთისას შეუძლიათ.
ვინაიდან სხვა ქვეყნის ყველა მოქალაქის ტელეფონის ნომერი არ არის მითითებული, მათი საცხოვრებლის მისამართზე გაგზავნა შეუძლებელია, შესაბამისად, ყველა ჯარიმა ვებგვერდზე police.ge-ზე აიტვირთება და გამოქვეყნდება. თუ ტელეფონის ნომერი მითითებული და ჩაწერილია, მაშინ მძღოლი ჯარიმის შესახებ შეტყობინებას მიიღებს.
JNEWS-ის ცნობით, ჯარიმა იმ პირის სახელზე გამოიცემა, ვინც მანქანას საზღვრის გადაკვეთისას მართავდა.
მძღოლები ჯარიმებს ონლაინ ვერ გადაიხდიან. თანხა ან საქართველოში ან სასაზღვრო პუნქტში საზღვრის გადაკვეთისას უნდა გადაიხადონ.
2022 წლის მესამე კვარტალში ”ჭკვიანმა” კამერებმა სამცხე-ჯავახეთში 247 საჯარიმო დარღვევა დააფიქსირა.