მომავალი წლის იანვარში ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ კუმურდოსა და გოგაშენში ორი ახალი საბავშვო ბაღი გაიხსნება, ხოლო განახლებული N3 საბავშვო ბაღი საახალწლო არდადეგების შემდეგაც განაახლებს მუშაობას.
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღების გაერთიანების დირექტორის ანაიდა ასატურიანის თქმით, სოფელ კუმურდოსა და გოგაშენში ახალი საბავშვო ბაღების გახსნისთვის აუცილებელი სამუშაოები დასრულებულია, თუმცა ახალქალაქის მე-3 საბავშვო ბაღი ჯერ კიდევ რემონტდება. თუმცა სამივე საბავშვო ბაღი 2023 წლის 16 იანვარს გაიხსნება.
“ყველაფერი მზადაა. მხოლოდ ელექტროენერგიის პრობლემა რჩება მოსაგვარებელი და წელს საბავშვო ბაღებს ამიტომ არ ვხსნით. 16 იანვრიდან ჩვეულად იმუშავებენ”, – განმარტავს ანაიდა ასატურიანმი.
ახალქალაქის მე-3 საბავშვო ბაღის რემონტისთვის მუნიციპალიტეტმა ადგილობრივი ბიუჯეტიდან 179 313,86 ლარი გამოყო. ამ თანხით მთელი შენობის გარემონტება და ახალი გათბობის სისტემის დამონტაჟება იგეგმება, ვინაიდან სისტემა გაუმართავი იყო და არ მუშაობდა.
სოფელ გოგაშენში საბავშვო ბაღის მშენებლობისთვის 802 209 ლარი გამოიყო. სამუშაოები ორ ეტაპად – 2020 და 2021 წლებისთვის გადანაწილდა. ყოველივეს ცენტრალური ბიუჯეტი ადგილობრივი მოსახლეობის მონაწილეობით აფინანსებს. საბავშვო ბაღი შემდეგ სოფლებს მოემსახურება: ოკამი, ქარცეფი, აფნია, აზმანა და გოგაშენი.
სოფელ კუმურდოში მშენებლობა 2020 წელს დაიწყო, ტენდერი შპს „ვერნიცკიმ და კომპანიმ“ 1 023 736 ლარით მოიგო და ისიც ადგილობრივი ბიუჯეტის ხარჯზე ორ ეტაპად გაიყო.
ორივე პროექტის დასრულების თარიღი დაუსრულებელი სამუშაოების გამო გადაიდო.