პარლამენტი ქალთა ეკონომიკური გაძლიერების სახელმწიფო კონცეფციის მიღებას გეგმავს.
კონცეფციის ავტორი როგორც საპარლამენტო უმრავლესობის, ასევე ოპოზიციის წარმომადგენლები არიან. კონცეფცია მიზნად ისახავს ქალთა და გოგონათა სიღარიბის დაძლევას და მათი უფლებრივი მდგომარეობის გაუმჯობესებას.
დოკუმენტში აღნიშნულია, რომ საქართველოსთვის, რომლის მოსახლეობის 52% ქალია, ქალთა ეკონომიკური გაძლიერება ეკონომიკური შესაძლებლობების უფრო ეფექტიანად გამოყენებისა და ქვეყნის სწრაფი ეკონომიკური განვითარების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წინაპირობაა.
„ქალთა ეკონომიკური გაძლიერების სახელმწიფო კონცეფცია, ეყრდნობა რა საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებული არსებითი თანასწორობის პრინციპს, მიზნად ისახავს საქართველოში ქალთა ეკონომიკური გაძლიერების ხედვის ჩამოყალიბებას და ძირითადი პოლიტიკის განსაზღვრას. კონცეფცია ასაბუთებს ღონისძიებების საჭიროებებს როგორც მაკრო, ასევე მიკრო დონეზე და მიმართულია ქალთა ეკონომიკური გაძლიერების გზით საქართველოში თანასწორობის განმტკიცებისკენ, რაც, თავის მხრივ, ხელს შეუწყობს ქვეყნის კეთილდღეობის და ეკონომიკური დოვლათის გაზრდას. საქართველომ ქალთა თანაბარი ეკონომიკური მონაწილეობისა და ქალების ეკონომიკური გაძლიერების მიმართულებით არაერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგა, თუმცა, კვლავ არსებობს რიგი გამოწვევები, რომლებიც საჭიროებს სისტემური მიდგომების დანერგვასა და ეფექტიანი ღონისძიებების განხორციელებას. აღნიშნულ გამოწვევებს შორის არის უთანასწორო წვდომა რესურსებზე, ბარიერები აუნაზღაურებელი და ზრუნვის შრომის აღიარების, გადანაწილებისა და შემცირების მიმართულებით, სოციალური პოლიტიკის შემდგომი დახვეწის საჭიროება, პროფესიებთან დაკავშირებით სტერეოტიპული განწყობები, გენდერული სახელფასო სხვაობა, მათ შორის, სტრუქტურული დისკრიმინაციის შედეგად, და ამ სხვაობით გამოწვეული ცალკეული ფინანსური უთანასწორობები, და სხვა სტრუქტურული ბარიერები. არსებული ბარიერები განსაკუთრებით აისახება ეკონომიკაში ნაკლებად წარმოდგენილი ქალების სოციალურ-ეკონომიკურ კეთილდღეობაზე. შედეგად, ქალებს არ აქვთ თანაბარი შესაძლებლობა სრულფასოვნად ჩაერთონ ეკონომიკურ საქმიანობაში. ამ გამოწვევებზე საპასუხოდ, საქართველოს პარლამენტი შეიმუშავებს ქალთა ეკონომიკური გაძლიერების სახელმწიფო კონცეფციას, რომელიც ნათლად გამოხატავს სახელმწიფოს ნებას განსაზღვროს გრძელვადიანი ხედვა, პოლიტიკა და პრიორიტეტები, ასევე გამოიყოს უფრო მეტი რესურსი ქალთა ეკონომიკური გაძლიერების მიმართულებით არსებითი შედეგის მისაღწევად“, – ნათქვამია დოკუმენტში.
კონცეფციაში საუბარია იმაზე, რომ კონცეფციის ყველა დებულებაში გენდერის ნიშნით თანასწორობის/გენდერული თანასწორობის შინაარსი განიმარტება იმგვარად, რომ ის მოიცავს ქალსა და კაცს შორის თანასწორობას, ხოლო ტერნმინი გენდერი განიმარტება, იმგვარად, რომ მოიცავს ქალსა და კაცს.
„ქალთა ეკონომიკური გაძლიერების სახელმწიფო კონცეფცია აანალიზებს უსაფრთხოების კუთხით რეგიონში არსებულ მდგომარეობას, პანდემიის შედეგად შექმნილ სოციალურ-ეკონომიკურ გამოწვევებს და კლიმატური გარემოს არსებითი ცვლილებების შესაძლო გავლენას ქვეყნის მდგრად განვითარებაზე, მათ შორის, ქალთა გაძლიერებისთვის გაწეულ ძალისხმევაზე. საპასუხოდ, სახელმწიფო კონცეფცია განიხილავს ქალთა რეალურ ეკონომიკურ გაძლიერებას ქალთა გრძელვადიანი მოწყვლადობის შემცირების ერთ-ერთ მნიშვნელოვან წინაპირობად. ქალთა ეკონომიკური გაძლიერების სახელმწიფო კონცეფცია გამომდინარეობს საქართველოს ეროვნული სამართლებრივი ჩარჩოდან და შეესაბამება სახელმწიფო დონეზე განსაზღვრულ პრიორიტეტებს. ამას გარდა, კონცეფცია ეყრდნობა ადამიანის უფლებების და ქალთა გაძლიერების საყოველთაო პრინციპებს და პასუხობს საქართველოს მიერ ნაკისრ საერთაშორისო ვალდებულებებს“, – ნათქვამია დოკუმენტში.