საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის ზურაბ აზარაშვილის განცხადებით, „ომიკრონი“ საკმაოდ მსუბუქი მიმდინარეობით გამოირჩევა და ჰოსპიტალიზაციის შემთხვევები მნიშვნელოვნადაა შემცირებული.
აზარაშვილის თქმით, წინა კვირის განმავლობაში ცხელ ხაზს, ასევე ონლაინ კლინიკებს საჭირო რაოდენობით ოპერატორები, კვალიფიციური ექიმები დაამატეს და ფიქრობს, რომ დისტანციური მომსახურების კუთხით არც ერთი ზარი არ უნდა დარჩეს უპასუხოდ.
„კოვიდის მეექვსე შტამი, „ომიკრონი“ საკმაოდ მსუბუქი მიმდინარეობით გამოირჩევა და ძალიან დადებითობით შეიძლება, აღვნიშნოთ ის, რომ ჰოსპიტალიზაციის შემთხვევები მნიშვნელოვნად გვაქვს შემცირებული. ის პრობლემები, რაც შეიძლება იყოს დაკავშირებული „ომიკრონთან“ და მის მართვასთან, ძირითადად გადადის უკვე დისტანციურ მომსახურებაზე, როგორიც შეიძლება იყოს ქოლ ცენტრი, ცხელი ხაზი, ონლაინ კლინიკები, თუ 112-ის მომსახურება. ძალიან მნიშვნელოვანია, იყოს დაკომპლექტებული ადეკვატური რაოდენობის კადრებით. წინა კვირის განმავლობაში ჩვენ ცხელ ხაზს და ონლაინ კლინიკებს დავამატეთ საჭირო რაოდენობით ოპერატორები და კვალიფიციური ექიმები. ვფიქრობ, არც ერთი ზარი არ უნდა დარჩეს უპასუხოდ. იქნება კონსულტაცია, ბინაზე მკურნალობა, თუ ჰოსპიტალიზაციის შემთხვევა, ადეკვატურად ვმართავთ ყველა ამ ნაკადს. ამ მხრივ, არანაირ პრობლემას და გართულებას არ ველოდებით. რაც შეეხება ჯარის დახმარებას, ვფიქრობ, ამ პროცესების მართვის კუთხით ჯარის საჭიროება არ არის“, – განაცხადა ზურაბ აზარაშვილმა.
ამასთან, ჯანდაცვის მინისტრმა მწვანე პასპორტებთან დაკავშირებით საუბრისას აღნიშნა, რომ რეგულაციების გამკაცრების საჭიროებას ვერ ხედავს.
„დელტა შტამის შემთხვევაში, რომელიც ყველაზე ვერაგი იყო და ყველაზე მეტი ჰოსპიტალიზაციის შემთხვევა იყო, თუ საშუალოდ აქტიური შემთხვევების 20 პროცენტი ხვდებოდა ჰოსპიტალში, დღევანდელი სტატისტიკით და აშშ-ის ევროპული ქვეყნების ანალიზიდან გამომდინარე, ეს მაჩვენებელი შეიძლება იყოს მაქსიმუმ 4 პროცენტის ფარგლებში. ანუ, აქტიური შემთხვევების 4 პროცენტი შეიძლება მოხვდეს ჰოსპიტალში. აქედან გამომდინარე, ამ პროცესს სრულად ვმართავთ. მობილიზებული მედიკოსები და საწოლფონდი არის გაცილებით მეტი, ვიდრე შეიძლება, დაგვჭირდეს. ჩვენ ვართ თავდაჯერებული იმაში, რომ ავადმყოფებს ბინაზეც ვუმკურნალებთ, ჰოსპიტალშიც, ყველა საჭირო მედიკამენტი და შესაძლებლობები გვაქვს ადგილზე“, – დასძინა ზურაბ აზარაშვილმა.