ბოლო ორი კვირის განმავლობაში საქართველოს ეროვნული ვალუტა უცხოურ ვალუტებთან მიმართებაში მყარდება და ძვირდება. რა არის ამის მიზეზი და რატომ არ იკლებს პროდუქციაზე ფასები, რომელიც დოლარის მატებასთან ერთად გაიზარდა. Jnews-ი კვლევითი ინსტიტუტის -ISET -ის უფროს თანამშრომელს, დავით კეშელავას ესაუბრა.
– რამ განაპირობა ის, რომ ყოველ დღე ლარი ძვირდება უცხოურ ვალუტასთან მიმართებაში?
ზოგადად, ლარის ბოლოდროინდელ გამყარებას ორი მიზეზი აქვს:
1. ეს არის გარე ფაქტორები, რომლებიც ბოლო დროს დადებითია. ექსპორტი სწრაფად იზრდება, ანუ გაიზარდა ფულის ნაკადი. გარდა ამისა, წინა წლებთან შედარებით ტურიზმი საგრძნობლად გაიზარდა, 2019 წელთან შედარებით არა, მაგრამ გასულ წელთან შედარებით – კი.
2. მეორე მიზეზი არის ცენტრალური ბანკის მონეტარული პოლიტიკა, რომელიც ინფლაციის გამო მთელი წელია გამკაცრდა. ეს, რა თქმა უნდა, გავლენას ახდენს ფულის გადინებასა და კურსის ცვლაზე.
ლარის ბოლო გამყარება, ამ ორი ფუნდამენტური მიზეზის გარდა, ბაზარის მიმართ მოლოდინებსაც უკავშირდებოდეს.
– როცა ლარის გაუფასურებასთან ერთად პროდუქცია მკვეთრად ძვირება, რატომ არ უნდა ველოდოთ ახლა, როცა ლარი მყარდება, სურსათზე ფასების კლებას?
თუ ავიღებთ ინფლაციას და გავყოფთ კომპონენტებზე, დავინახავთ, რომ ინფლაციის ძირითადი ნაწილი გარე ფაქტორებია. კერძოდ, მსოფლიო ფასების მნიშვნელოვანი ზრდა სურსათსა და საწვავზე. ეს ფაქტორი იმდენად დიდი და ძლიერია, რომ ლარის კურსის გამყარების ეფექტმა ფასებზე არ იმოქმედა. თუ ამ პერიოდში ლარის კურსი დაეცა, ეს გამოიწვევს ჭარბ (ან დამატებით) ინფლაციას. მოკლედ, ფაქტორები უფრო ძლიერია, ვიდრე გაცვლითი კურსი და მიუხედავად იმისა, რომ ლარი სტაბილურია, ინფლაცია ძლიერი და მაღალია.
– საქართველოს ეკონომიკა არც ისე ძლიერია, როდემდე შეიძლება გაგრძელდეს ლარის გამყარება, როგორ ფიქრობთ?
ძნელი სათქმელია, რამდენად შეიძლება შენარჩუნდეს გამყარების ტენდენცია. უპირველეს ყოვლისა, გარე სტატისტიკა ახლახან აღდგა, მაგრამ ძნელია იმის პროგნოზირება, თუ როგორ გაგრძელდება ეს მაჩვენებლები. ექსპორტის სტატისტიკას თუ გადავხედავთ, აქ ცოტაა სიახლე, პრაქტიკულად არცერთი, პროდუქციის იგივე ნომენკლატურა, ხოლო ტრანსფერებს თავისი ლიმიტები აქვს. რამდენად გაიზრდება ისინი მომავალში, ძნელი სათქმელია. ტურიზმის აღდგენამ შეიძლება გამოიწვიოს გაძლიერება, მაგრამ ამაზე გავლენას ახდენს კოვიდი. მნიშვნელოვანია,პანდემიის დასრულების შემდეგ, რამდენად შეძლებს საქართველო მსოფლიოში თავისი ტურისტული როლის შენარჩუნებას.
რაც შეეხება მონეტარულ პოლიტიკას, ის შეზღუდულია. როდესაც ინფლაცია მიზნობრივ მაჩვენებლებში კლებას იწყებს, ცენტრალური ბანკი თანდათან გამოდის მკაცრი შეზღუდვების პოლიტიკიდან, იწყებს განაკვეთების შემცირებას და ეს უკვე გავლენას ახდენს ინფლაციურ პროცესზე.