საქართველოს პროკურატურამ ახალქალაქში მკვლელობის მცდელობის, სექსუალური ძალადობისა და ასაფეთქებელი მოწყობილობის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებისთვის პირს ბრალი წაუყენა. ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.
„შსს-ში ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული სკანდალური ინფორმაციის გავრცელების მუქარით დაზარალებულ ინგა მაისურაძესთან სექსუალური ურთიერთობის დამყარებას ცდილობდა.
დაზარალებულისგან რამდენიმე უარის მიღების შემდეგ, 13 დეკემბერს, ბრალდებულმა ალკოჰოლურ სასმელებთან და ტკბილეულთან ერთად პოლიეთილენის პარკში ასაფეთქებელი მოწყობილობა დატოვა, რომელიც მაშინ აფეთქდა, როცა დაზარალებულმა პლასტმასის ჩანთა გახსნა. შედეგად ბინა დაზიანდა“, – ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.
Jnews-ის ინფორმაციით, ბრალდებულს დაზარალებულთან გარკვეული სახის ურთიერთობა ჰქონდა.
პროკურატურამ დაკავებულს ბრალი სსკ-ის 19-109-ე მუხლის „ბ“ და „ტ“ ქვეპუნქტებით (მკვლელობის მცდელობა დამამძიმებელი გარემოებით), 139-ე მუხლის პირველი ნაწილით (სქესობრივი კავშირის იძულება) და 236 მუხლის მესამე და მეოთხე ნაწილებით წაუყენა, (ასაფეთქებელი მოწყობილობების უკანონო შეძენა-შენახვა და ტარება), რაც 16-დან 20 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
პროკურატურამ სასამართლოს ბრალდებულებისთვის აღმკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობის გაგრძელების მოთხოვნით უკვე მიმართა.
სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება.