1 დეკემბერს საქართველოში ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტის (TDI) პროგრამის „მედიაში ეროვნული უმცირესობების ინკლუზიური და პლურალისტური გაშუქების გაძლიერება“ ფარგლებში ახალგაზრდებთან შეხვედრა გაიმართა.
პროექტში მონაწილეობა 16 წელზე უფროსმა ახალგაზრდებმა მიიღეს. იგი ეუთოს ეროვნული უმცირესობების უმაღლესი კომისრის ოფისის მხარდაჭერით ხორციელდება.
ტრენინგზე ქვეყანაში დეზინფორმაციის გავრცელება, გამჟღავნება და მათ წინააღმდეგ ბრძოლის საშუალებები, მედიის ახალი ამბებისადმი გაშუქების ეთიკა, მოქალაქეთა უფლებები და ინფორმაციის სანდოობა განიხილეს.
„პროექტის პირველი ეტაპი 4 სხვადასხვა რეგიონიდან ახალგაზრდების ტრენინგს მოიცავდა, რომელიც ახალქალაქში დავასრულეთ. შეხვედრებს მოწვეული ექსპერტები უძღვებოდნენ და ისეთ თემებზე საუბრობდნენ, როგორიცაა დეზინფორმაცია, მასთან ბრძოლის მექანიზმები, მედიის ინკლუზიური და ეთიკური გაშუქება, მედიის თვითრეგულირების მექანიზმები და ა.შ. პროექტის შემდეგი ეტაპი ადგილობრივი ახალგაზრდებისა და მედიის წარმომადგენლების შეხვედრაა, სადაც მოზარდები იმ არსებულ პრობლემებს გააცნობენ მათ, რომლებიც მედიისთვის ხშირად შეუმჩნეველი რჩება“, – განმარტა პროექტის მენეჯერმა ნინო თეთრაულმა.