ახალქალაქის მოსახლეობისთვის პრობლემაა ბანკომატებითა და ტერმინალებით სარგებლობა. ადამიანები სახელმწიფო ენის არ ცოდნის გამო, ვერ ახორციელებენ გადახდებს ან თანხის მიღების ოპერაციებს. ხოლო ბანკომატები და ტერმინალები ძირითადად ქართულ და ინგლისურ ენებზე მუშაობს.
მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილი სარგებლობს ბანკომატებით და ტერმინალებით, ძირითადად, ბანკის თანამშრომლების დახმარებით. არასამუშაო დღეებში კი ვერ ახორციელებენ გადახდას, ვინაიდან ბანკომატების უმეტესობა ქართულ და ინგლისურ ენებზე მუშაობს. ქალაქში მხოლოდ ერთი-ორი ბანკომატია, რომელსაც რუსული ვერსია აქვს და სომხური ენის არსებობა ბანკომატებში გამორიცხულია.
Jnews-მა გაარკვია, რომელ ენებზე მუშაობს ახალქალაქის ბანკომატები. ბანკებიდან შევიტყვეთ, რომ “საქართველოს ბანკისა” და “თიბისის” ბანკომატები მხოლოდ ქართულ და ინგლისურ ვერსიებზე მუშაობს, ხოლო “კრედო ბანკი” და “ლიბერთი ბანკი” მომხმარებლებს ტრანზაქციის განხორციელებას ქართულ, ინგლისურ და რუსულ ენებზე სთავაზობენ.
მიუხედავად Credo Bank-ის დარწმუნებისა, რომ მათი ბანკომატები სამ ენაზე მუშაობს, Jnews-მა პირდაპირ ბანკში გაარკვია, რომ მხოლოდ ბანკის შიგნით განთავსებულ ბანკომატს აქვს რეალურად ჩამოთვლილი სამი ენა, ხოლო გარეთ დამონტაჟებულს, რატომღაც არ აქვს რუსული ვერსია.
როგორც Jnews-ს ახალქალაქში მოქმედი “საქართველოს ბანკის”, “თიბისი ბანკის”, “კრედო ბანკის”, “ლიბერთი ბანკის” ფილიალებში აცნობეს, ეროვნული უმცირესობებისთვის, ამ შემთხვევაში სომხებისთვის ხელმისაწვდომი ენების დამატების საკითხი არ განიხილება.