ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სოციალური სამართლიანობის ცენტრმა 2023 წლის ბიუჯეტში შესატანი პროექტი გაგზავნა, რომელიც 5 სოფელსა და ახალქალაქში ბიბლიოთეკების ინფრასტრუქტურის უზრუნველყოფას ითვალისწინებს.
როგორც პროექტის ერთ-ერთი ინიციატორი თარზიან ტიგრანი აცხადებს, იდეა 2021 წელს გაჩნდა, როდესაც სოციალური სამართლიანობის ცენტრის საქმიანობის ფარგლებში ნინოწმინდისა და ახალქალაქის მუნიციპალიტეტების სოფლების პრობლემები შეისწავლეს. საბოლოოდ აღმოჩნდა, რომ სოფლებს ბიბლიოთეკა ან არ აქვს ან არასათანადო პირობებია შექმნილი.
გასულ წელს იგივე კანონპროექტი ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის საკრებულოშიც შევიდა, მაგრამ მიზეზთა გამო არ განიხილეს. წელს ინიციატორებმა კიდევ ერთხელ ცდა გადაწყვიტეს.
„ახალგაზრდებმა, რომელთანაც კრიტიკული აზროვნების სკოლის ფარგლებში ვატარებთ ტრენინგებს, გაგვიმხილეს რომელ სოფლებში სურთ ბიბლიოთეკა. ბუნებრივია, ყველა სოფელს სურს იგი, მაგრამ ბიუჯეტი შეზღუდულია. ამიტომ 5 სოფლისა და ქალაქის ბიბლიოთეკა ავირჩიეთ“, – განმარტავს თარზიან ტიგრანი.
ტიგრანის თქმით, ბიბლიოთეკების საჭიროებას სოფლებში მოსწავლეთა რაოდენობა განაპირობებს. ისინი არდადეგებზე სახლებში ბრუნდებიან და არ აქვთ წიგნების აღების, წაკითხვის, განათლების მიღების საშუალება. პროექტი არა მხოლოდ ბიბლიოთეკების აღჭურვას, არამედ ახალგაზრდების შეკრებისთვის, ლექციებისთვის, დისკუსიებისა და აქტივობებისთვის ადგილის უზრუნველყოფას გულისხმობს.