14 ნოემბერს, ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიუროს სხდომაზე დეპუტატებმა განიხილეს პეტიცია, რომელიც ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ხორენიაში საბავშვო ბაღის აშენების მოთხოვნას ეხებოდა. განხილვის შემდეგ დეპუტატებმა პეტიცია მერიას გადაუგზავნეს.
11 ნოემბერს ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულომ ისტორიაში პირველი პეტიცია მიიღო. მისი ავტორი სოფელ ხორენიაში მცხოვრები მარი გინოსიანია.
შეხვედრას ბიუროს წევრების გარდა მერიის, მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღების გაერთიანების და ახალქალაქის მერის წარმომადგენელი ესწრებოდნენ.
პეტიცია ადგილობრივი თვითმმართველობაში მოქალაქეთა მონაწილეობის ფორმაა.
შუამდგომლობის შეტანის უფლება მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ ამომრჩეველთა არანაკლებ ერთ პროცენტიან ჯგუფს აქვს.
პეტიცია იწერება და მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეს გადაეცემა.
მარი გინოსიანის მიერ შეტანილ პეტიციას 409 ხელმოწერა ჰქონდა – ხორენიანისა და ზოგადად ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მცხოვრებლებების ჩათვლით.
პეტიციის მიხედვით, სოფელში 35 მცირეწლოვანი ბავშვია, რომლებიც სკოლამდელ განათლებას ვერ იღებენ. უახლოესი მოქმედი საბავშვო ბაღი სოფლიდან 12 კმ-ში მდებარეობს, ქალაქ ახალქალაქში.
ბიუროს განხილვებზე დეპუტატებმა ახალქალაქის საბავშვო ბაღების გაერთიანების დირექტორთან ერთად შეაჯამეს, რომ სახელმწიფო ბავშვზე წელიწადში 1 700 ლარს ხარჯავს.
საბავშვო ბაღების გაერთიანების დირექტორის ანაიდა ასატურიანის თქმით, მათთან სოფელ ოლავერდიდან მოდიან, რომელიც ახალქალაქიდან 30 კმ-ით არის დაშორებული. ზოგიერთი ოჯახი 60 კმ-ის მოშორებით ცხოვრობენ და არ იციან როგორ მოიქცნენ.
„თუ ბავშვების მოყვანა სურთ, ბაღებში გვაქვს ადგილები. 12 კმ კი არც ისე ბევრია. მესმის, რომ რთულია, მაგრამ არაფერს სჯობს“, – განაცხადა ანაიდა ასატურიანმა.
დეპუტატმა გაიოზ ლომსაძემ აღნიშნა, რომ ბაღების მშენებლობა კარგია, მაგრამ ადგილობრივი ბიუჯეტით ყველა სოფელში შენებას ვერ დაიწყებენ.
დეპუტატმა, სედა მელკუმიანმა მოსახლეობას შესთავაზა საკითხი განსახილველად მერიაში გაეგზავნათ.
“ჩემი გადმოსახედიდან, ასე სჯობს. მომავალში, შესაბამის სამსახურებთან ერთად მიიღონ პროფესიონალური გადაწყვეტილებები”, – განმარტა სედა მელკუმიანმა.
ნაირი ირიციანის განცხადებით, ორი გზა არსებობს – ან საკრებულოსთან არსებული კომისია მიიღებს გადაწყვეტილებას, ან – მერია.
„გვსურს სოფელს საბავშვო ბაღი ჰქონდეს. მაგრამ აუცილებელია სურვილები შესაძლებლობებს ემთხვეოდეს. სოფელი ხორენია საშუალო დონის სოფელია, თუმცა, თუ მერიამ საჭიროდ ჩათვალა მისთვის სახსრების გამოყოფა, წინააღმდეგი არ ვარ. განხილვაა საჭირო“, – განაცხადა ახალქალაქის მუნიციპალიტეტის განათლებისა და კულტურის სამსახურის, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა უფროსმა ვალერი სტელმაშოვმა.
განხილვების დასასრულს დეპუტატებმა გადაწყვიტეს პეტიცია მერიაში გაგზავნონ.
რა არის პეტიცია? ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის 86-ე მუხლი