ახალქალაქის მუნიციპალიტეტში მარცვლეულის თესვამ ცივი გაზაფხულის გამო «დაიგვიანა». თუკი ყოველწლიურად ამ დროისათვის მარცვლეულის თესვას ასრულებდნენ, წელს არის სოფლები, სადაც ჯერ არც კი დაუწყიათ თესვა. მუნიციპალიტეტში წელს ჩვეულებრივზე მეტმა ადამიანმა დაიწყო მიწების დამუშავება, რადგან საზღვარგარეთ სამუშაოდ ვერ წავიდნენ.
იმის გარკვევა, თუ იზრდება მარცვლეულის სათესი მიწების რაოდენობა მუნიციპალიტეტში, ჯერჯერობით შეუძლებელია. მართალია, წელს მიწას ბევრი ამუშავებს, მაგრამ სათესი მიწების მონაცემები ჯერ არ არის.
სოფელი ჩამდურიდან ფერმერი ანდრანიკ მურადიანი ყვება, რომ სოფელში საზღვარგარეთ სამუშაოდ როგორც წესი ბევრი არ მიემგზავრება და სოფლის მეურნეობით არის დაკავებული. ანდრანიკმა წელს იმდენივე ქერი დათესა, რამდენიც გასულ წელს.
«მე წელს დავთესე იმდენივე, რამდენიც გასულ წელს. თესვა უკვე დავამთავრე. სოფელში ვის რამდენი მიწაც ჰქონდა, იმდენი დაამუშავა. საერთოდ ჩვენთან სულ ასე იყო, რუსეთში რომ მიემგზავრებოდნენ, მაშინაც»,- თქვა ფერმერმა ანდრანიკ მურადიანმა.
ერთ-ერთი მსხვილი ფერმერი, რომელმაც არ ისურვა სახელის გამოქვეყნება, ამბობს, რომ მან წელს უფრო მეტი ქერი დათესა და რომ სცოდნოდა ასეთი რამ მოხდებოდა, შემოდგომით უფრო მეტ ხორბალს დათესავდა.
«მე კარტოფილის მიწები შევამცირე, აქცენტი გავაკეთე ხარისხზე, ახალი თესლები დავთესე. ქერიც და ხორბალიც დავთესე. სამუშაოები უკვე დავასრულე»,- თქვა მან.
ფერმერმა ასევე დაამატა, რომ ჩვენ რეგიონს არ ექნება სასოფლო-სამეურნეო პროდუქტების საჭიროება, ყოველ შემთხვევაში, იმაში რასაც აქ თესავენ. მან ასევე დაამატა, რომ ხალხმა არ უნდა ინერვიულოს, «ჩვენთან შიმშილი არ იქნება».
ახალქალაქის მუნიციპალიტეტში არის სოფლები, სადაც თესვა ჯერ არ დაუმთავრებიათ. ქალაქიდან დაშორებულ, მაღალმთიან სოფლებში თესვა ჯერ არც კი დაუწყიათ.
სოფელი ღოდალარის მცხოვრები არმან არუთუნიანი ამბობს, რომ წელს უფრო მეტი ქერი დათესა, თუმცა ჯერ არ დაუსრულებია. მისი თქმით, ამინდის პირობებმა ხელი შეუშალეს, მაგრამ მალე დაამთავრებს.
«მე წელს 30 მეასედი ქერი დავთესე, გასულ წელს 25 მეასედი მეთესა. ჩვენს სოფლელებს ზოგადად ცოტა მიწა აქვთ, ყველა ნაკვეთი მუშავდება. მხოლოდ რამდენიმე ადამიანი, უფრო მსხვილი მიწათმოქმედები, სხვა ადგილებში ქირაობენ მიწას. წელს ახალგაზრდობამ ვერ მოახერხა საზღვარგარეთ სამუშაოდ წასვლა, ამიტომ ყველამ დაიწყო სასოფლო-სამეურნეო საქმიანობა, მიწის დამუშავება»,- ამბობს არმან არუთუნიანი.
ვიდრე არ დასრულდება რაიონში მარცვლეულის თესვა, სათესი მიწების რაოდენობის გაზრდაზე საუბარი შეუძლებელია.