“ზემო ლარსის” გამშვებ პუნქტთან ხალხის რიგი დღითიდღე იმატებს. რუსეთის მოქალაქეები სამხედრო მობილიზაციის გამოცხადების შემდეგ ქვეყანას მასობრივად ტოვებენ. რუსეთთან, მათ შორის საქართველოს საზღვარზე, დიდი რიგები შეიქმნა. ერთ-ერთი მძღოლი, რომელიც ახალქალაქი-მოსკოვის მარშრუტით მგზავრები გადაჰყავს, რამდენიმე დღეა რუსეთ-საქართველოს საზღვრის გადაკვეთას ცდილობს, თუმცა უშედეგოდ.
ხუთი დღის განმავლობაში რუსეთ-საქართველოს საზღვრის გადაკვეთის უშედეგო მცდელობის შემდეგ ლევონმა კრასნოდარში დაბრუნება გადაწყვიტა. მისი თქმით, საზღვარზე მძიმე მდგომარეობაა.
„ხალხი მანქანებს ტოვებს, დაახლოებით 20 კმ-ს ფეხით გადის, ველოსიპედებით, სკუტერებით, რათა შეუერთდეს 3000 კაციან რიგს, რათა საზღვარი გადაკვეთონ“, – განმარტავს ლევონი.
მისმა მგზავრებმაც ფეხით გადმოკვეთეს საზღვარი და საცხოვრებელს უკვე მიაღწიეს.
ლევონის განცხადებით, რუსეთის საზღვართან ახლადგახსნილ სამხედრო პუნქტზე ყველას ამოწმებენ და მხოლოდ მათ აბრუნებენ, ვისაც მოწვევა გაუგზავნეს.
საზღვარზე ხალხის ნაკადი არ წყდება, მძღოლის თქმით, სიტუაცია „გაქვავებულია“, სასაზღვრო გამშვები პუნქტები გადატვირთულ რეჟიმში მუშაობენ და დღეში 10 000-ზე მეტ ადამიანს ემსახურებიან.
ლევონი აღნიშნავს, რომ ვლადიკავკაზის მიმართულებით მანქანების რიგი ყოველ საათში იზრდება.
“ზემო ლარსის” გამშვებ პუნქტზე გრძელი რიგები 21 სექტემბერს დაიწყო, როდესაც რუსეთმა ნაწილობრივი სამხედრო მობილიზაცია გამოაცხადა.