15 მაისს ვლადიმერ პუტინის ბრძანებულება ძალაში შევიდა, რომლის მიხედვითაც რუსეთში საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმი გაუქმდა. Jnews-ის ბევრ მკითხველს გაუჩნდა კითხვა, წელიწადში რამდენჯერ აქვს მოქალაქეს უფლება რუსეთში 90 დღით დარჩეს და შეუძლია თუ არა ამ დროის განმავლობაში იქ იმუშაოს? Jnews-ი შეეცადა ამ კითხვებზე პასუხი გაეცა.

განკარგულების ტექსტში არ არის ნათქვამი როდის შეუძლია მოქალაქეს რუსეთის ტერიტორიაზე ხელახლა შევიდეს. თუმცა, როგორც რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალურ ვებსაიტზეა მითითებული, №115-FZ ფედერალური კანონის მე-5 მუხლის შესაბამისად, რუსეთის ფედერაციაში ჩასული უცხო ქვეყნის მოქალაქის დროებითი ყოფნის პერიოდი არ საჭიროებს ვიზას, თუ ვიზიტი ყოველი ას ოთხმოცი დღის განმავლობაში ოთხმოცდაათ დღეს არ აღემატება.

საქართველოს მოქალაქეს შეუძლია რუსეთში ყოველ ექვს თვეში ერთხელ 90 დღე დარჩეს.

მუშაობის შესაძლებლობა – თუ მოქალაქე რუსეთში არა უმეტეს 90 დღის ვადით უვიზოდ ჩადის, მას ოფიციალურად (ოფიციალური შრომითი ხელშეკრულებით) მუშაობის უფლება არ აქვს.