საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური აცხადებს, რომ საქართველოში რუსეთის 250 ათასი მოქალაქის შემოსვლაზე ინფორმაცია აბსოლუტურად არასწორი და ტყუილია. ამის შესახებ მან ჟურნალისტებს განუცხადა კითხვაზე, რომ „ბოლო ხუთი დღის განმავლობაში ქვეყანაში 250 ათასი რუსი მოქალაქე შემოვიდა“.
„მაგდენი არ შემოსულა. საიდან მოაქვთ ეს ციფრები, არ ვიცი. დაახლოებით ოთხი, ხუთი დღის წინ შემომსვლელ ადამიანთა რაოდენობა იყო 5 ათასიდან 6 ათასამდე. ახლა გაიზარდა დაახლოებით 10 ათასამდე, მოიმატა დაახლოებით 40-45 პროცენტით და არა 250 ათასით. გუშინდელი ღამის შემდეგ, 10 ათასზე უფრო ნაკლები იყო, ანუ 100 ათასი და 200 ათასი არ შემოდის. გასვლით გადის დაახლოებით 60 პროცენტი, შემომსველებთან შედარებით. რომ ვთქვათ, დღეს ყველაზე დიდი ციფრებია, ეს ასე არ არის. ზაფხულში, აგვისტოში, მაგალითად იყვნენ ტურისტები და არა სხვა მიზნით წამოსული ადამიანები. სავარაუდოდ, ჩვენი აზრით, არიდებენ თავს სამხედრო სამსახურში გაწვევას. მე ერთი კითხვა მიჩნდება ყოველთვის, ეს ოპოზიცია ორად არის გაყოფილი, როგორც ჩანს, თუმცა მსოფლიოში, ევროპაშიც სხვანაირად ფიქრობენ და სხვა მიდგომებზე გადადიან. ზოგი ამბობს, ჩავკეტოთ და საერთოდ აღარ შემოვუშვათ, ზოგი ამბობს – შემოვუშვათ, რომ არ წავიდნენ ომში, არ ებრძოლონ უკრაინელებს. იქნებ ჩამოყალიბდეს ოპოზიცია, შემოვუშვათ, თუ არ შემოვუშვათ ეს ადამიანები“, – განაცხადა გომელაურმა.
ამასთან, კითხვაზე, „გამორიცხავთ თუ არა, რომ მათი შემოსვლა ქვეყანაში გაზრდის კრიმინალურ შემთხვევებს და მოხდება თუ არა საზღვარზე შემომსვლელი ადამიანების გაცხრილვა“, შინაგან საქმეთა მინისტრმა აღნიშნა:
„კრიმინალის გაზრდის სტატისტიკა შეიძლება, ისედაც გაიზარდოს, ან დაიწიოს. რაც მეტი ადამიანი შემოვა, ალბათობა არის იმისა, რომ გაიზარდო. შეიძლება, არც გაიზარდოს. რუსეთში ნაწილობრივი მობილიზაციის გამოცხადებამდე, ბოლო ხუთი დღის შემდეგ იყო 5 500 ადამიანი. გუშინ წინ იყო 11 200 ან 11 400, გუშინ 10 400 ან 10 500 იყო. ორ და ხუთ კაცზე ნუ გამომეკიდებით. ეს არის რიცხვები, მაგრამ ხვალ და ზეგ შეიძლება, კიდევ გაიზარდოს, არ ვიცი. ლარსზეა ყველაზე მეტი მოქალაქე. ძალიან ცოტა მოქალაქე შემოდის როგორც სომხეთიდან, ისე აზერბაიჯანიდან. შეიძლება, 10 პროცენტიც არ არის, ნაკლები“, – განაცხადა გომელაურმა.