გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელი საქართველოში ჰასან ხალილი ევროპის ქვეყნების ელჩებთან, სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციის და ახალქალაქის ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად დღეს, 21 სექტემბერს, ახალქალაქის საკრებულოს შენობაში ახალგაზრდებს შეხვდა, მოისმინა და განიხილა მათი პრობლემები.
შეხვედრას ჰასან ხალილთან ერთად ესწრებოდა საქართველოში 8 ქვეყნის ელჩი: ესტონეთი, შვეიცარია, საბერძნეთი, შვედეთი, ბულგარეთი, ნორვეგია, პოლონეთი, ნიდერლანდები. შეხვედრას ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ, მათ შორის, ახალქალაქის მერი მელქონ მაკარიანი, საკრებულოს თავმჯდომარე ნაირი ირიციანი, ასევე, ახალქალაქის არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები.
ადგილობრივ ხელისუფლებასთან და ევროპის ქვეყნების ელჩებთან დისკუსიაზე ქალაქის საჯარო სკოლების მოსწავლეები მივიდნენ. დისკუსიაზე ისაუბრეს მუნიციპალიტეტის ბავშვების პრობლემებსა და უფლებებზე და იმაზე, თუ როგორ წყვეტს ამ პრობლემებს ადგილობრივი ხელისუფლება. უფროსკლასელებმა ისაუბრეს იმაზე, თუ რა აწუხებთ, პრობლემების მოგვარების გზებზე.
საუბარი შეეხო ქალაქში სხვადასხვა ღონისძიებებზე მოხალისეობრივი კამპანიების პასიურობას, ბავშვთა შრომის ბოროტად გამოყენებას, მუნიციპალიტეტის ახალგაზრდებში პოპულარული ონლაინ თამაშების საფრთხეს, სოფლებში საზოგადოებრივი ტრანსპორტის ნაკლებობასა და სხვა.
ელჩებმა და გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელმა საქართველოში ჰასან ხალილმა მოუსმინა ახალგაზრდებს, ისაუბრეს მათ დამოკიდებულებაზე ამ პრობლემების მიმართ. მათი თქმით, გარკვეული პრობლემები, როგორიცაა ონლაინ თამაშების საფრთხე, არსებობს არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მთელ მსოფლიოში. იტალიის ელჩმა მოყვა, თუ როგორ მუშაობენ მოხალისეები იტალიაში. ელჩებმა აღნიშნეს, თუ რამდენად მნიშვნელოვანია რეგიონის ინტეგრაცია ქვეყნის სოციალურ-პოლიტიკურ ცხოვრებაში.
ახალქალაქში შეხვედრა ბავშვთა უფლებების დაცვის საერთაშორისო კონფერენციის ფარგლებში შედგა, რომელიც სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში 19 სექტემბრიდან იმართება. კვირის განმავლობაში გაეროს ბავშვთა ფონდმა სამცხე-ჯავახეთის რეგიონში ბავშვის უფლებების ხელშეწყობის მიზნით რამდენიმე ღონისძიება დაგეგმა. 21 სექტემბერს, ახალქალაქში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელმა საქართველოში ჰასან ხალილმა 8 ქვეყნის ელჩების თანხლებით გახსნა „ბავშვთა უფლებების ცენტრი“. ასევე ელჩებმა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა ცალ-ცალკე დაათვალიერეს ახალქალაქის მომავლის სახლში ბავშვების კლასგარეშე აქტივობები.