დღეს, 30 აპრილს, ახალციხის “იმედის” კლინიკაში ​კორონავირუსის კიდევ ერთი შემთხვევა გამოვლინდა, – ამის შესახებ sknews-ი იტყობინება. პაციენტი კლინიკაში საკარანტინე ზონიდან გადაიყვანეს, სადაც covid19- ტესტი გაუკეთეს.

ახალციხის კლინიკა “იმედიდან” ლუგარის ლაბორატორიაში გუშინ, 29 აპრილს, გაგზავნილი ტესტების პასუხები დღეს გახდა ცნობილი. “იმედის” კლინიკაში პანდემიის პირობებში ინფექციური ცენტრი მოქმედებს. 27 ადამიანიდან კორონავირუსი ​30 წლამდე მამაკაცს დაუდასტურდა, მას რუსეთში მოგზაურობის ისტორია აქვს.

“ინფიცირებული ამჟამად, ჩვენს კლინიკაში იმყოფება. რეანომობილი გამოვიძახეთ. ავადმყოფს, სავარაუდოდ, გორის საავადმყოფოში გადაიყვანენ”, – თქვეს სამედიცინო დაწესებულებაში sknews-თან საუბრისას.

სამედიცინო პერსონალს ტესტირებას ორ კვირაში ერთხელ უტარებენ. დღესდღეობით, ახალციხის კლინიკა “იმედში” 35 თანამშრომელია შემოწმებული, არც ერთ მათგანს კორონავირუსი არ გამოუვლინდა.

30 აპრილის მონაცემების თანახმად, სამცხე-ჯავახეთში კორონავირუსის ინფექციის ხუთი შემთხვევა გამოვლინდა, მხოლოდ ერთი ადგილობრივია დაინფიცირებული. პირველი შემთხვევა იყო ბორჯომიდან, რომელიც 16 აპრილს გამოვლინდა, დანარჩენი 3 ადამიანი საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან არის, რომლებიც რეგიონის საკარანტინე ზონაში იმყოფებოდნენ.