20 თებერვალს, ახალქალაქის რაიონულმა სასამართლომ კიმ კუგოიანს, რომელიც ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენის, შენახვის და ტარების საქმის ფიგურანტია, წინასწარი პატიმრობა გირაოთი შეუცვალა.
დღეს, ახალქალაქში, სასამართლო სხდომაზე კიმ კუგოიანის უფლებებს ახალი ადვოკატი კახაბერ ასპანიძე იცავდა. თავდაპირველად ეჭვმიტანილი კატეგორიულ უარს აცხადებდა სახაზინო ადვოკატის მომსახურებაზე. მიზეზი სახელმწიფოს მხრიდან დანიშნული ადვოკატის მიმართ უნდობლობა იყო. კუგოიანის მიერ დაქირავებული ადვოკატი ნოდარ აკობაშვილი სხდომას არ დაესწრო ყოველგვარი წინასწარი გაფრთხილების გარეშე. ბრალდებულმა მოითხოვა სასამართლო სხდომის 10 დღით გადადება. საქართველოს სისხლის სამართლის პროცესუალური კოდექსის მე-60 მუხლზე დაყრდობით, მოსამართლემ მისი მოთხოვნა არ დააკმაყოფილა და დვოკატის აცილებაზე უარი უთხრა.
ახალმა ადვოლატმა 15 წუთი ითხოვა მისი დაცვის ქვეშ მყოფთან გასაუბრებისთვის, მაგრამ კიმ კუგოიანი მაინც უარს ამბობდა სახაზინო ადვოკატის მომსახურების მიღებაზე. სხდომის შემდეგ, მოსამართლემ დამსწრეები გააფრთხილა, თუკი მსჯავრდებულის მომხრეები ხმაურს განაგრძობდნენ და პროცესს ხელს შეუშლიდნენ, ის ჩაშლიდა სხდომას. საბოლოოდ მოსამართლემ შეწყვიტა სხდომა და კიმ კუგოიანის ყველა მომხრესა და მედიის წარმომადგენლებს დარბაზიდან გასვლა მოსთხოვა. სხდომა დახურულ ფორმატში გაგრძელდა.
სასამართლო სხდომის შემდეგ, კიმ კუგოიანის ადვოკატმა მის მომხრეებს განუცხადა, რომ სასამართლომ შეცვალა გადაწყვეტილება და ბრალდებულს გირაოს საფუძველზე გაათავისუფლეს.
“სასამართო სხდომაზე წარვადგინე შუამდგომლობა, რომ ჩემი დაცვის ქვეშ მყოფისთვის აღკვეთის ღონისძიება გირაოთი შეეცვალათ. რა თქმა უნდა, მოწინააღმდეგე მხარე მის პატიმრობაში დატოვებას ითხოვდა. დაცვის მხარემ კი პირობითი სასჯელით გამოშვება მოითხოვა, რასაც მოსამართლე დასთანხმდა და კიმ კუგოიანს განაჩენი შეუცვალეს. მას 5 000 ლარის გირაოს საფუძველზე გამოუშვებენ. მომდევნო სხდომა 2 მარტს შედგება. ამ ხნის განმავლობაში, კუგოანი კვირაში ერთხელ უნდა გამოცხადდეს სასამართლოში და ხელი მოაწეროს დოკუმენტზე, რომ იმყოფება ახალქალაქში და არსად გამგზავრებულა. ჩემი დაცვის ქვეშ მყოფის ინტერესებშია სასამართლო დაარწმუნოს თავის უდანაშაულობაში”, – განაცხადა კიმ კუგოიანის სახაზინო ადვოკატმა კახაბერ ასპანიძემ.
შეგახსენებთ, რომ კიმ კუგოიანს ადანაშაულებენ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის (3 და 4 პუნქტები) საფუძველზე, რაც ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენას, შენახვასა და ტარებას გულისხმობს და 3-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
სასამართლო პროცესი უკვე 9 თვეა გრძელდება.