ოლავერდი ახალქალაქის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთი შორეული სოფელია. ის ახალქალაქიდან 14 კმ-ში მდებარეობს. სოფელში მისვლა რთულია მოუწესრიგებელი გზების გამო. მოსახლეობა ერთხმად აღნიშნავს, რომ ყოველი არჩევნების დროს პრობლემის მოგვარებას ჰპირდებიან, თუმცა გზები იგივე მდგომარეობაში რჩება.
ოლავერდში 154 ოჯახი ცხოვრობს. აქ ხალხი ძირითადად მეცხოველეობასა და სოფლის მეურნეობას მისდევს. შემოსავლის მთავარი წყარო კი უცხოეთში სამუშაოდ წასვლაა. სოფელში ხუმრობით ამბობენ, სოფელში არაფერია, უმჯობესია რუსეთში სამუშაო ( ხოფანი) წასვლა.
სოფელში ბევრი პრობლემაა, თუმცა მოსახლეობა გზების საკითხს პრიორიტეტულად მიიჩნევს და ამბობენ, რომ ვითარება განსაკუთრებით მძიმეა ზამთარში.
„სხვა სოფლებში რატომ არის გზები დაგებული, ჩვენთან არა? არჩევნებზე მოდიან და ამბობენ: – კირაკოსს მიეცით თქვენი ხმები, შემოდგომით აუცილებლად დავიწყებთ გზების შეკეთებას. რამდენი შემოდგომა გავიდა? ამიტომ, ჩვენ არ ვენდობით და არ გვჯერა ხელისუფლების წარმომადგენლების სიტყვების“, – ამბობენ ოლავერდელები.
სოფლის გზები ახლა ოლავერდელი ქველმოქმედის ხარჯზე გაასწორეს. ახლად გასწორებულ გზაზე მანქანების გავლისას მტვერი დგება.
„როცა მოხვედით, გზები გასწორებული იყო, მაგრამ ეს ჩვენი სოფლის მცხოვრებმა გააკეთა, რომელიც მეცენატია. გზა ზამთარში ყოველთვის იკეტება, წელს ის 5 დღეზე მეტი ხნის განმავლობაში იყო დაკეტილი. გზაზე ყოველთვის გვქონდა პრობლემა, კარგი იქნება, ჩვენს სოფელში საბოლოოდ რამე გაკეთდეს, გზები მაინც მოეასფალტებინათ“, – ამბობს სოფლის მკვიდრი მარტინ კტრიანი.
როგორც Jnews-ს ოლავერდის სოფლის სპეციალისტმა ესაი ნერსესიანმა განუცხადა, სოფლის გზები სახელმწიფო ხარჯებით ადრე გაზაფხულზე, ბოლოს კი სახელმწიფოს და ქველმოქმედის ძალისხმევით გაასწორეს.
ადგილობრივი სპეციალისტის თქმით, მომავალ წელს მათ სოფელში გზის დაგება დაჰპირდნენ.
„წელს თუ ტენდერებიდან დაზოგავენ ფულს, შეიძლება 1 კმ მოასფალტდეს, შეძლებისდაგვარად უნდა გააკეთონ, თუ არა, მომავალ წელს 100 პროცენტით მოგვარდება გზების ასფალტირების საკითხი“.
აღსანიშნავია, რომ სოფელ ოლავერდის გზის მოასფალტება ახალქალაქის მუნიციპალიტეტის 2022 წლის პროექტებში არ შედის.
შეგახსენებთ, რომ 2022 წლის მარტში ოლავერდის მცხოვრებლებმა მერიამდე ფეხით 14 კმ გაიარეს და თოვლის გამო 6 დღით ჩაკეტილი მათი სოფლის გზების გახსნა მოითხოვეს.
ასევე წაიკითხეთ:
სოფელ ოლავერდის მცხოვრებლები საპროტესტოდ ქალაქში ფეხით ჩავიდნენ