კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაცია (ОДКБ) სომხეთში მისიას გააგზავნის, რომელსაც ორგანიზაციის გენერალური მდივანი სტანისლავ ზასი უხელმძღვანელებს, – ინფორმაციას სომხური მედია ავრცელებს.

მათივე ცნობით, მისია აზერბაიჯანი-სომხეთის კონფლიქტის ზონაში ვითარებას შეაფასებს, ანგარიშს მოამზადებს და შეიმუშავებს წინადადებებს დეესკალაციის შესახებ.

სტანისლავ ზასთან ერთად მისიაში მონაწილეობას მიიღებს ОДКБ-ის გაერთიანებული შტაბის უფროსი, გენერალ-პოლკოვნიკი ანატოლი სიდოროვი.

ამასთან, ОДКБ-ის კოლექტიური უშიშროების საბჭოში მიიღეს გადაწყვეტილება სამუშაო ჯგუფის შექმნის შესახებ, რომელიც მუდმივ მონიტორინგს გაუწევს სიტუაციას მის პასუხისმგებლობის სფეროში.