ახალქალაქში საკვებით მოწამვლის შემთხვევები მოსახლეობაში ხშირია. ეპიდემიოლოგები ზაფხულს „ბინძური ხელების სეზონს“ უწოდებენ. მოსახლეობის ხშირი მიმართვიანობის მიუხედავად, მოწამვლის ოფიციალურად დაფიქსირებული შემთხვევა არც ადგილობრივ საავადმყოფოში და არც საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში არ დაფიქსირებულა. ხალხი იქ არ დადის.
ერთ თვეზე მეტია, ახალქალაქსა და სოფლებში ბავშვებსა და მოზარდებს აღენიშნებათ ღებინება, დიარეა, ხან ტემპერატურის თანხმლებით, ხან მის გარეშე. თავდაპირველად მოსახლეობამ დაიწყო სასმელი წყლით მოწამვლის შემთხვევებზე საუბარი, თუმცა ეპიდემიოლოგები უარყოფენ ამ ვერსიას. მათივე თქმით, ეს არის ზაფხულში საკვებით მოწამვლა. აუცილებელია ჰიგიენის დაცვა და ექიმთან კონსულტაცია, იმ შემთხვევაში, თუ ღებინებას და დიარეას თან ახლავს ტემპერატურა, ან თუ ორგანიზმი გაუწყლოებულია. სხვა შემთხვევებში, შესაძლებელია სახლის პირობებში მკურნალობაა.
ახალქალაქის რეფერალური საავადმყოფოს ეპიდემიოლოგის ისპირიან გაიანეს თქმით, ამ სეზონზე მოწამვლა ყოველთვის არის.
„ბავშვები ჭამენ ჭუჭყიანი, დაუბანელი ხელებით, ჭამენ გაურეცხავ ხილს და ბოსტნეულს. მოზარდები ასევე არ იცავენ ჰიგიენას. ვფიქრობ, წელს ბევრი ასეთი შემთხვევა არ არის, ადრე უფრო მეტი იყო“, – ამბობს ისპირიან გაიანე.
ეპიდემიოლოგის თქმით, მთელი თვის განმავლობაში ექიმთან მიმართვიანობის მხოლოდ რამდენიმე შემთხვევა დაფიქსირდა, ისიც ბავშვთა განყოფილებაში.
ეპიდემიოლოგი მოსახლეობას ურჩევს, განსაკუთრებით ზაფხულის პერიოდში დაიცვან ხელების ჰიგიენა, მიირთვან ბოსტნეული და ხილი გარეცხვის შემდეგ, აუცილებლად შეინახონ საკვები მაცივარში, არ დავტოვოთ მზეზე, განსაკუთრებით კრემიანი ნამცხვრები.
მაღალი ტემპერატურის შემთხვევაში აუცილებლად მიმართონ ექიმს, დიარეას შემთხვევაში დალიონ ბევრი სითხე, მინერალური წყალი.