ახალქალაქის მუნიციპალიტეტში “სოფლის მხარდაჭერის” პროგრამის ფარგლებში სამუშაოების დასრულება 64 სოფლიდან ჯერჯერობით მხოლოდ 22 სოფელში გახდა შესაძლებელი, რაც სოფლების საერთო რაოდენობის 34%-ს შეადგენს. დანარჩენ სოფლებში სამუშაოები მიმდინარეობს ან ჯერ არც კი დაწყებულა.
ახალქალაქის მუნიციპალიტეტში წელს “სოფლის მხარდაჭერის” პროგრამით 79 სამუშაო ხორციელდება, განსაზღვრულია 8 პრიორიტეტი.
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურის, ტერიტორიული მართვის, არქიტექტურისა და მშენებლობის სამსახურის უფროსის მაგდა ამირშადიანის თქმით, 79 სამუშაოდან 70 უკვე დაწყებულია, 4 სამუშაოს ტენდერის გამოცხადების ნებართვას ელიან, კიდევ 4 სამუშაოსათვის ბაზის გამოკვლევა მიმდინარეობს.
64 სოფლიდან სამუშაოები მხოლოდ 22 სოფელშია დასრულებული, კერძოდ- სოფელ ღადოლარში, მაჭატიაში, ლომატურცხში, ჩამძვრალაში, ვაჩიანში, აფნიაში, კიროვაკანში, დილისკაში, ზაქვში, ხულგუმოში, ბუღაშენსა და სხვა სოფლებში. დანარჩენ სოფლებში სამუშაობი მიმდინარეობს, ან ჯერ არც დაწყებულა. არის სოფლები, რომელთა სამუშაოების ტენდერი ჯერ არც გამოცხადებულა.
მაგალითად, სამუშაოები ახლა სოფელ მიასნიკიანში, მოდეგამში, პატარა სამსარში და კოჩიო დაიწყო.
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის უფროსის არშაკ მინასიანის თქმით, გარკვეულ სოფლებში სამუშაოებზე პრობლემები შეიქმნა.
“გარკვეულ ადგილებში ბუნების დაცვის დეპარტამენტიდან ტერიტორიის გამოყენებისათვის ნებართვა უნდა მივიღოთ, კერძოდ, ეს წყალგაყვანილობის ხაზის მშენებლობისათვის არის. მაგალითად, ალასტანში დეპარტამენტს მივწერეთ და ახლა ნებართვას ველოდებით”,- ამბობს არშაკ მინასიანი.
ახალქალაქის მუნიციპალიტეტმა წელს “სოფლის მხარდაჭერის” პროგრამით დაახლოებით 922 000 ლარი მიიღო.
ახალქალაქის მუნიციპალიტეტში “სოფლის მხარდაჭერის” პროგრამის მიერ გამოყოფილი ყველაზე მცირე თანხა 10 000 ლარს, ხოლო ყველაზე დიდი თანხა- 20 000 ლარს შეადგენს. ასევე, მოსახლეობის რაოდენობიდან გამომდინარე, სოფლები ღებულობენ 12 000 ლარს ან 16 000 ლარს.
პროგრამა “სოფლის მხარდაჭერა” საქართველოში 2011 წლიდან დაიწყო, ორწლიანი (2017, 2018) შესვენებით და 2019 წელს კვლავ განახლდა.