მიუხედავად იმისა, რომ ნინოწმინდის რაიონის სოფელ დიდ არაგიალში სასმელი წყლის მილების გამოცვლაზე ელექტრონული კონკურსი უკვე ჩატარდა, სამუშაოები ჯერ არ დაწყებულა. სოფელში მასობრივი მოწამვლის შემდეგ ხალხს ან მეზობელი სოფლიდან მოაქვს წყალი, ან მხოლოდ ადუღების შემდეგ ხმარობს ადგილობრივ წყალს.
სოფლის სპეციალისტმა არმან აღჯოიანმა JNEWS-ს უთხრა, რომ სოფელში წყლის ძველი მილების გამოცვლის სამუშაოები ჯერ არ დაწყებულა.
ნინოწმინდის მერიამ გამოაცხადა ელექტრონული კონკურსი წყალმომარაგების სისტემების აღდგენაზე ერთდროულად რამდენიმე სოფელში – ფოკაში, დიდ არაქალში, უჯმანაში, გორელოვკაში. კონკურსში გაიმარჯვა შპს “გაზმშენი XXI”-მ.
პროექტის ჯამური ღირებულება 61 041 ლარია.
JNEWS-ი შეეცადა დაკავშირებოდა ელექტრონულ ტენდერში გამარჯვებული კომპანიის დირექტორს, ალიკა კუხილაბას, რათა გაერკვია, როდის დაიწყება სამუშაოები კონკრეტულად სოფელ დიდ არაქალში წყლის მილების გამოცვლაზე, მაგრამ უშედეგოდ. ჩვენი მრავალი სატელეფონო ზარი უპასუხოდ დარჩა.
შეგახსენებთ, რომ 29 ივნისს საღამოს ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ დიდ არაქალში მასობრივი მოწამვლის შემთხვევები დაფიქსირდა.
როგორც მოგვიანებით გაირკვა, ლაბორატორიული კვლევის შემდეგ, მიზეზი სასმელი წყალი იყო, ხოლო დაბინძურების შესაძლო მიზეზი კანალიზაცია. ფაქტია, რომ მეზობელი სოფლის პატარა არაქალის საკანალიზაციო წყლები მდინარეში ჩაედინება, საიდანაც დიდი არაქალის წყლის მილები გადის. მდინარეზე გადის 400 მეტრამდე მილსადენი, რომელიც იმდენად გაცვეთილია, რომ საცერი გახდა. კომპეტენტური ორგანოები მოსახლეობას სასმელი წყლის გამოყენებას მხოლოდ ადუღების შემდეგ ურჩევენ, სოფლის მოსახლეობას კი მეზობელი სოფლიდან პატარა არაქალიდან მოაქვს.