დამწვრობის ცენტრის ხელმძღვანელის, გუგა ქაშიბაძის ინფორმაციით, ბავშვებში მზისგან დამწვრობის შემთხვევებმა მოიმატა.
როგორც მან „ინტერპრენიუსს“ განუცხადა, იყო შემთხვევა, როდესაც ბავშვს რეანიმაციულ განყოფილებაში მკურნალობა დასჭირდა. კერძოდ, მზისგან დამწვრობის გამო აღენიშნებოდა მზის დაკვრა და ორგანიზმის გადახურება.
„სამწუხაროდ, წინა წლებთან შედარებით ბავშვებში მზით დამწვრობა მომატებულია, განსაკუთრებით პატარა ბავშვებში, 4-5 წლის ასაკობრივ კატეგორიაში. ერთი შემთხვევა გვქონდა, როდესაც რეანიმაციულ განყოფილებაში მკურნალობა დასჭირდა. ტურისტები იყვენენ, ბათუმში მიიღო ბავშვმა დამწვრობა, შემდეგ ჩვენს ცენტრში განაგრძობდა მკურნალობას. საბედნიეროდ, ყველაფერი კარგად დასრულდა. დამწვრობის გარდა, ბავშვს აღენიშნებოდა გადახურება და მზის დაკვრა.
სჯობს, რომ ბავშვები 11:00 საათიდან 17:00 საათამდე მოვარიდოთ მზის სხივებს. მაქსიმალურად გამოიყენონ მზისგან დამცავი კრემები. აუცილებელია ღია ფერის ქუდი. მზეზე ხანგრძლივად ყოფნა მარტო დამწვრობას არ ნიშნავს, ის იწვევს გადახურებას და მზის დაკვრას“,- აღნიშნავს ქაშიბაძე.