საქართველოში საველე ჰოსპიტლების გახსნა არ იგეგმება, – ამის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის მინისტმა, ეკატერინე ტიკარაძემ ტელეკომპანია “იმედის” ეთერში განაცხადა.
“საქართველოში საველე ჰოსპიტლების გამოყენებას არ განვიხილავთ, ვინაიდან გვაქვს არა ერთი ქვეყნის მაგალითი, სადაც მობილიზებულია საველე ჰოსპიტლები და კარვები და დღემდე, მიუხედავად იმისა, რომ მიიჩნევა, მათ მეორე ტალღის პიკი გადაიარეს, იქ არც ერთი პაციენტისთვის მომსახურება არ გაუწევიათ”, — თქვა ტიკარაძემ.
მინისტრის თქმით, საქართველოში კოვიდ-ინფიცირებულების განთავსებისთვის გამოყოფილია დამატებითი ადგილები, ძირითადად საავადმყოფოების ბაზებზე, ასევე სასტუმროებში, სადაც სრული სამედიცინო სამეთვალყურეო მომსახურება, ასევე პაციენტების ჟანგბადით მომარაგება ხორციელდება.
“ამ ეტაპზე საქართველოს საკმარისი რესურსები აქვს, რათა ჩვენმა პაციენტებმა ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ გაიარონ მკურნალობის პერიოდი უფრო კომფორტულ პირობებში, თუკი ჩვენი ყველა კომპონენტის გათვალისწინებით, სწორად და დროულად მოვახერხოთ აპციენტების ნაკადის მართვას”, – თქვა ჯანდაცვის მინისტრმა.
საქართველო კორონავირუსის მეროე ტალღას ებრძვის. კორონავირუსის პირველი შემთხვევა ქვეყანაში 26 თებერვალს გამოვლინდა. იმ დროიდან მოყოლებული ინფიცირების 100 ათასზე მეტი შემთხვევაა დაფიქსირებული, დაიღუპა 1000-ზე მეტი ადამიანი.
გუშინ, 23 ნოემბერს საქართველოს კლინიკების ასოციაციამ კორონავირუსის წინააღმდეგ რეგულაციებთან დაკავშირებით ხელისუფლებას მიმართა და განაცხადა, რომ დიდ კლინიკებთან საჭიროა საველე ჰოსპიტლების გახსნა – კარვების, რომელიც 100, 300, 500 პაციენტზე იქნება გათვლილი და აღიჭურვება შესაბამისი ინვენტარით.