წალენჯიხაში “საქართველოს უნივერსიტეტის” კემბრიჯის საერთაშორისო სკოლა აშენდება. პროექტის პრეზენტაცია წალენჯიხაში “საქართველოს უნივერსიტეტის” რექტორმა კოკა თოფურიამ გამართა.
“საქართველოს უნივერსიტეტის” კემბრიჯის საერთაშორისო სკოლის პროექტის დეტალური საინვესტიციო ღირებულება, ჯერჯერობით, უცნობია, მაგრამ როგორც BMG-მ გაარკვია, საჭირო ფინანსურ რესურსებს “საქართველოს უნივერსიტეტი“ და „წალენჯიხის განვითარების ფონდი“ გამოყოფენ, რომლის მთავარი დონორიც მამუკა ხაზარაძეა. აღნიშნული bm.ge-ს თავად მამუკა ხაზარაძემაც დაუდასტურა.
წალენჯიხაში კემბრიჯის საერთაშორისო სკოლის კამპუსი 500 მოსწავლეზე იქნება გათვლილი და მათგან 250-ს კამპუსში ცხოვრებაც შეეძლება. გარდა ამისა, სკოლა-ინტერნატს ექნება საცხოვრებელი, სადაც მშობლები და პროფესორ-მასწავლებლები შეძლებენ დარჩენას.
„კამპუსი წალენჯიხიდან 10 წუთის სავალზე აშენდება. ტერიტორიაზე განთავსდება სპორტული მოედნები, საცურაო აუზები, კულტურული ცენტრი სააქტო და სხვა დარბაზებით“, – აცხადებენ პროექტის ავტორები.
როგორც პრეზენტაციაზე საქართველოს უნივერსიტეტის რექტორმა განაცხადა, ეს იქნება ერთ-ერთი საუკეთესო სკოლა საქართველოში, სადაც ისწავლიან არა მხოლოდ საქართველოდან, არამედ – უცხოეთიდანაც. კოკა თოფურიას თქმითვე, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სკოლაში სწავლა და დარჩენა შეეძლებათ აფხაზეთის ოკუპირებული ტერიტორიიდან მსურველ მოსწავლეებს, რომლებიც კამპუსშივე შეძლებენ დარჩენას.