9 აგვისტოს, სოფელ კოთელიაში 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპული ჯარისკაცის, თამაზ მელიქიძის ხსოვნას პატივი მიაგეს. 2008 წლის 6 აგვისტოს მოხალისედ წავიდა ომის ზონაში და 9 აგვისტოს დილით გორში დაბომბვის შედეგად გარდაიცვალა. ოჯახის წევრები მიიჩნევენ, რომ ახალქალაქში თამაზ მელიქიძის სახელობის ძეგლი უნდა დადგმულიყო.
გარდაცვლილის ოჯახი ამჟამად თბილისში ცხოვრობს, თუმცა ყოველწლიურად სოფელს სტუმრობს და გორაკის თავზე მდებარე სასაფლაოზე აქდგილობრივ თვთმმართველობის წევრებთან და სხვებთან ერთად პატივს მიაგებს.
თამაზი 32 წლის ასაკში გარდაიცვალა.
„სამხედრო მოვალეობის შესრულების შემდეგ იყო საკონტრაქტო სამხედრო მოსამსახურე, ომი რომ დაიწყო, სოფელში იყო, მაშინვე წავიდა და ასეთი ტრაგიკული შემთხვევა მოხდა“, – ამბობს კოთელიაში მცხოვრები ოთარ ყავრელიშვილი.
კოთელიაში დღეს ახალქალაქის მერი მელქონ მაკარიანი, საკრებულოს თავმჯდომარე ნაირი ირიციანი და სხვა ოფიციალური პირები ჩავიდნენ.
მელქონ მაკარიანის თქმით, ყოველწლიურად ამ დღეს ჩამოდის კოთელიაში და პატივს მიაგებს მელიქიძეების ოჯახს, თუმცა დღეს მისი პირველი ვიზიტი იყო მერის რანგში.
„2008 წელს საქართველომ ძალიან რთული პერიოდი გამოიარა, ომმა დატოვა თავისი მწარე კვალი, გვქონდა ტერიტორიული და ადამიანური დანაკარგები. სოფელ კოთელიას მკვიდრმა თამაზ მელიქიძემ სამშობლოს შესწირა სიცოცხლე. ღრმა მწუხარებას გამოვუთქვამ თამაზ მელიქიძის ოჯახს და ყველა იმ გმირის ოჯახს, ვინც სიცოცხლე გაწირა სამშობლოს და მომავალი თაობისთვის. მინდა რომ არცერთ ერს არ ჰქონდეს ასეთი სამწუხარო ისტორია“, – თქვა ახალქალაქის მერმა
გმირის ქვრივი თეა ჯაფარიძე-მელიქიძე ამბობს, რომ ომამდე მათი ოჯახი გორში ცხოვრობდა, რადგან თამაზ მელიქიძე იქ კონტრაქტით იყო. ომამდე ორი დღით ადრე ისინი სოფელში ჩავიდნენ დასასვენებლად, მაგრამ 6 აგვისტოს დილით დაურეკეს, რომ უნდა წასულიყო, რადგან ქვეყანაში საომარი მდგომარეობა იყო გამოცხადებული.
„9 აგვისტოს დილით შეგვატყობინეს, რომ თამაზი გორის დაბომბვისას დაიღუპა“, – აღნიშნავს ის და ამატებს, რომ ქმრის გარდაცვალების შემდეგ თავდაცვის სამინისტროში დაიწყო მუშაობა და ქმრის დაუმთავრებელი საქმე განაგრძო.
2008 წლის შემოდგომაზე ახალქალაქის ადგილობრივმა ხელისუფლებამ თამაზ მელიქიძის პატივსაცემად ახალქალაქის ყოფილ მე-14 სამხედრო ნაწილში ერთ-ერთ ქუჩას მისი სახელი დაარქვეს. გმირის სახელს ატარებს სოფელ კოთელიას საჯარო სკოლაც, რათა თაობებმა გაიხსენონ და პატივი სცენ ომის გმირების ხსოვნას.
თამაზ მელიქიძის მეუღლე თეა ჯაფარიძე-მელიქიძე მიიჩნევს, რომ ამ ომში დაღუპული რეგიონის ერთადერთი გმირის ხსოვნას უფრო ფართო მასშტაბით უნდა მივაგოთ პატივი. მისი თქმით, მათი მრავალრიცხოვანი თხოვნა და მოწოდება ძეგლის დადგმის შესახებ უყურადღებოდ დარჩა.
„ყოველწლიურად ამ დღეს ხალხი მოდის მერიიდან, პატივს მიაგებს, მაგრამ პატივს მხოლოდ წელიწადში ერთ დღეს არ სცემენ. 14 წელია ვიბრძვით სოფელში მემორიალის დასადგმელად, მაგრამ უაზროდ. გვპირდებიან, რომ ამას გააკეთებენ და მერე ავიწყდებათ. ის ჩემთვის კი არა, სამშობლოსთვის გარაიცვალა, რეგიონის ერთადერთი გმირია, ძეგლი დადგან, ღონისძიება გამართონ, ყველამ იცოდეს, რომ ახალქალაქშიც გვყავს 2008 წელს დაღუპული გმირი“, – თქვა თეა ჯაფარიძე-მელიქიძემ.
სოფელ კოთელიას წარმომადგენელი მალხაზ აჩელაშვილი ამბობს, რომ ძეგლის დადგმის საკითხი ყოველწლიურად განიხილება.
„ეს რამდენიმე წლის ამბავია, რამდენჯერმე მივმართეთ მერიას, გვპირდებიან, რომ განიხილავენ საკითხს, მაგრამ დღემდე არაფერი გაკეთებულა“, – ამბობს ის.
მერმა მელქონ მაკარიანმა კითხვაზე, თუ რატომ ხდება ამ საკითხის იგნორირება, გვიპასუხა, რომ არ იცის, რომ ეს საკითხი ადგილობრივი თვითმმართველობის დღის წესრიგში დგას დაგვითხრა, რომ განიხილავს განცხადებებსა და დოკუმენტებს და გააცნობს ამ საკითხზე შემდგომ გეგმებს.
თამაზ მელიქიძე დაიბადა 1976 წელს სოფელ კოთელიაში, სწავლობდა სოფლის სკოლაში. სამხედრო სავალდებულო სამსახურის გავლის შემდეგ საკონტრაქტო სამსახურში შევიდა. დაიღუპა 2008 წლის 9 აგვისტოს დილით, გორში დაბომბვის შედეგად.