უკვე მერამდენე დღეა, თურქეთის საზღვარზე, სოფელ კარწახთან, სატვირთო მანქანების რიგია. წლეულს სატვირთოების კოლონები არაერთხელ შეიქმნა.
სოფელ ვაჩიანის გამოსასვლელიდან დაწყებული, შემდეგ სოფელ სულდას, ბოზალისა და კარწახის გავლით, სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოსული სატვირთოები ისევ კოლონებად დგანან გზის დაუსახლებელ ნაწილებში. როგორც ადგილობრივმა ხელისუფლებამ განმარტა, საბაჟოდამ მიღებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით, მიზეზი ზემო ლარსის გამშვები პუნქტის გამტარიანობას უკავშირდება, როდესაც სატვირთოების ნაკადი უფრო ხშირად ლარსზე (რუსეთ-საქართველოს საზღვარი) გადის, კოლონები ყალიბდება საზღვრებზე სხვა ქვეყნებში (ძირითადად თურქეთში) შესვლისას.
ეს მდგომარეობა წელს მაისიდან შეიმჩნევა. დღევანდელი მონაცემებით, სატვირთო მანქანების კოლონები 300-350-ზე მეტი სატვირთოსგან შედგება.
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ გამოქვეყნებული სტატისტიკის მიხედვით, 2022 წლის 6 თვეში საქართველოზე 209 000 სატვირთომ გაიარა, რაც 51 000-ით მეტია შარშან, ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე. ამ მონაცემების დღეებად დაყოფით, გამოდის, რომ საქართველოს გავლით დღეში დაახლოებით 1150 სატვირთო მანქანა გადის.
25 მაისის ფოტო