სოფელ ხორენიაში, სადაც 500-მდე ადამიანი ცხოვრობს ბავშვებისთვის აქტივობები არ არის, მათი დღე იწყება და მთავრდება სახლში ან მინდორში მშობლებთან ერთად. მშობლები წუწუნებენ, რომ შვილების ბაღში წაყვანის საშუალება არ აქვთ, არც მეზობელი სოფლების ბაღებშია ადგილი და არც სოფელში ბაღის აშენებაზეა საუბარი.
„სახლში ბაღის ასაკის სამი შვილი გვყავს, სოფელში რას ხედავენ ჩემი შვილები, არაფერს, თითქმის ყველა სოფელში აშენდა საბავშვო ბაღი, ჩვენამდე ვერ მოაღწია რიგმა“, – ამბობს სოფლის ერთ-ერთი მცხოვრები ქალი.
პატარები არც კი ფიქრობენ საბავშვო ბაღზე, მათ უბრალოდ არ იციან ეს რა არი.
„საბავშვო ბაღს არ აშენებენ, პატარა მოედანი მაინც ააშენონ, სადმე საქანელა დადგან, რომ ბავშვებმა ითამაშონ. მთელი დღე სახლში ან მინდორში არიან მშობლებთან ერთად“, – განუცხადა Jnews-ს სოფელ დიდი ხორენიას ერთ-ერთმა მცხოვრებმა.
სოფელ ხორენიის სპეციალისტის არკადი ფიდანიანის თქმით, სოფელში ბევრი პრობლემაა და ისინი სათითაოდ გვარდება, იწყებენ ყველაზე მნიშვნელოვანით.
„ამ ბოლო დროს სასმელი წყლის უმთავრესი პრობლემა მოვაგვარეთ, ახლა სოფლის მხარდაჭერის პროგრამით გამოყოფილი თანხით პატარა სათამაშო მოედანს ავაშენებთ, გზის პრობლემაც გვაქვს, პრობლემები ეტაპობრივად მოგვარდება. სამომავლოდ, თუ საბავშვო ბაღზე მოთხოვნა დიდი იქნება, ჩვენ ამ საკითხითაც დავკავდებით“, – ამბობს არკადი ფიდანიანი.
ხორენიაში მოსახლეობას უკვე 2 წელია სახლებში აქვს წყალი, შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე, ბავშვებმა თავად მოიფიქრეს გართობის საშუალება, ეზოში პატარა აუზს თითქმის ყველგან დაინახავთ.