გუშინ, 26 ივლისს, დაახლოებით 16:10 საათზე, ახალქალაქის მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფელში სეტყვა მოვიდა, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენა როგორც სახლებს, ასევე მინდვრებს, სადაც მარცვლეული კულტურები და კარტოფილია დათესილი.
უზარმაზარი სეტყვა მოვიდა სოფელ დადეშში, სულდაში, მურჯახეთში, ხოსპიოში და ა.შ.
ადგილობრივების თქმით, სოფელ მურჯახეთში, დადეშისა და სულდასგან განსხვავებით, ზარალი მძიმე არ ყოფილა.
„ზარალი ძალიან დიდია. 650 ჰექტარიდან 500 ჰექტარი მოსავალი განადგურდა, სოფლის მოსახლეობის დაახლოებით 2%-ს აქვს მიწის დაზღვევა. ვიცი, რომ მათ სურდათ ადგილობრივი ხელისუფლებისთვის მიემართათ, მაგრამ დეპუტატმა თქვა, რომ ასეთ შემთხვევებში, როგორც წესი, დახმარება არ არის. მხოლოდ თუ ვინმეს სახურავი აქვს დაზიანებული. სეტყვამ ბევრს სახურავი დაუმტვრია. სეტყვა 4-5 სმ დიამეტრის იყო“, – ამბობს აპოიან მეცო სოფელ სულდადან.
ფერმერ ჰოვიკ მურადიანის მინდორი სოფელ ხოსპიოს მიდამოებში დაისეტყვა. მისივე თქმით, დაზიანდა მარცვლეულისა და კარტოფილის მინდვრები.
„სეტყვამ 10 ჰექტარზე მეტი მოსავალი დააზიანა. ეს არ არის პირველი შემთხვევა, წელს კიდევ ერთხელ დაზიანდა მოსავალი, ძლივს აღვადგინეთ, მაგრამ დაზღვევა გვაქვს, რომელიც პრობლემის მოგვარებაში ძალიან გვეხმარება. სადაზღვევო კომპანია უკვე ინფორმირებულია“, – ამბობს ჰოვიკ მურადიანი.
მძიმე მდგომარეობაა სოფელ დადეშშიც, აქ აღარ აქვთ იმედი, რომ, მოსავლის აღდგენას როგორმე შეძლებენ.
„ზარალი საკმაოდ დიდია, იქ, სადაც დასეტყვა, კარტოფილი პრაქტიკულად განადგურდა. კარტოფილის ყუნწიდან აღარაფერი იყო დარჩენილი. ასევე, ქერი მიწასთან გაასწორა. ამბობენ, რამდენიც არ უნდა მორწყა ან სასუქი მიაშველო, მდგომარეობა მაინც ვერ გამოჯანმრთელდება. თანაც დიდ თანხებთანაც არის დაკავშირებული. ვისაც არ უნდა მივმართოთ, მაინც არავისგან ველით დახმარებას. ხოლო დაზღვევა ცოტას აქვს, შეიძლება ითქვას, რომ 10-დან მხოლოდ 1-მა დააზღვია მოსავალი“, – ამბობს მოვსისიანი სოფელ დადეშიდან.
მოსავლის დაზიანების შემთხვევაში მერია ვერ დაეხმარება, რადგან სოფლის მეურნეობის დაზღვევის სახელმწიფო სუბსიდიები ასეთ სიტუაციებში კონკრეტულად ფერმერების დახმარებაზეა მიმართულია, ამიტომ ადგილობრივი ხელისუფლება ვერ გამოყოფს ფულს სასოფლო-სამეურნეო მიწების ზარალის ასანაზღაურებლად. აღსანიშნავია, რომ ახალქალაქში სოფლის მეურნეობის დაზღვევა აქტუალური არ გახდა, მიუხედავად იმისა, რომ ყოველწლიურად ბევრი ფერმერი მძიმე ზარალს განიცდის სტიქიის გამო.
სეტყვისგან დაზიანებული სახურავის საკითხზე ახალქალაქის მერიას მხოლოდ სოფელ დადეშიდან მიმართეს. ზარალს მერია მას შემდეგ აანაზღაურებს, რაც კომისია შეამოწმებს და დასკვნას დადებს.