დღეს, 20 ოქტომბერს, ახალქალაქის (თუმანიანის სახ.) N1 საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი შენობაში განახლდა. მასწავლებლებს შორის არცერთი ინფიცირებული არ არის გამოვლენილი, ერთი მოსწავლე კორონავირუსის გამო თვითიზოლაციაშია, მშობელთან ერთად, რომელიც სკოლის მასწავლებელია.
დღეს N1 სკოლაში დისტანციური სწავლება შეწყდა, კარანტინის პერიოდი ამოიწურა. პედაგოგთა ტესტირებამ 19 ოქტომბერს ინფიცირების შემთხვევა არ გამოავლინა. დაავადების აქტიური შემთხვევა მხოლოდ ერთ მოსწავლეს გამოუვლინდა, რომელიც იზოლირებულია ოჯახის წევრებთან ერთად.
სკოლის ადმინისტრაციის ინფორმაციით, საგაკვეთილე პროცესზე დასწრება 50% -ზე მაღალია.
“დღეს პირველი დღეა, ალბათ, მშობლებმა უბრალოდ არ გამოუშვეს ბავშვები სკოლაში, იფიქრეს დაელოდონ და ნახონ. სკოლა გაიხსნა უსაფრთხოების ყველა რეკომენდაციის დაცვით. გათბობა ჩართულია, სკოლა თბილია”, – ამბობს ახალქალაქის N 1 საჯარო სკოლის დირექტორი, რუზანა ტეპოიანი.
ახალქალაქის საზოგადოებრივი ჯამმრთელობის ცენტრის თანამშრომლებმა N1 სკოლის შენობის დეზინფექცია მანამდე განახორციელეს, სანამ N1 სკოლა დისტანციურ სწავლებაზე გადავიდოდა. ამ სკოლის შენობაში დროებით იმყოფებიან N3 საჯარო სკოლის მოსწავლეებიც, რადგან მათ შენობაში სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობს. თუმცა N 3 სკოლაც 18 ოქტომბრიდა, დისტანციურ სწავლებაზე იმყოფება, მათ საკლასო ოთახებს დეზინფექცია მას შემდეგ არ ჩატარებია. რუზანა ტეპოიანის თქმით, სკოლაში დასუფთავება მუდმივად სველი წესით მიმდინარეობს.
ახალქალაქის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ცნობით, კარანტინის შემდეგ, თუ აღმოჩნდება, რომ მასწავლებლებს შორის ვინმე დაინფიცირდება, მხოლოდ მასწავლებლები იქნებიან იზოლირებულნი და მოსწავლეები სკოლის შენობაში განაგრძობენ სასწავლო პროცესს.
ახალქალაქის მუნიციპალიტეტში დისტანციურად 8 საჯარო სკოლა მუშაობს: №2 (მაიაკოვსკის სახელობის), №3 (ჭავჭავაძის სახელობის), №4 (დემირჩიანის სახელობის), ასევე სკოლები სოფელ სულდაში, ვაჩიანში, ალასტანში, მაჯადიაში და ვარევანში.