გზის მოსწორების სამუშაოების მიუხედავად, სოფელ სამსარამდე მისასვლელი გზა მანქანებისთვის პრაქტიკულად გაუვალია.
ენით აუწერელი სილამაზის ხეობაში გამავალი გზა წვიმების შემდეგ კლდოვან ბილიკად გადაიქცევა ხოლმე, რომლის გავლისას, მანქანის დაუზიანებლად სოფელ სამსარამდე გამოცდილი მძღოლიც კი ვერ მიაღწევს.
„ერთი თვეა გზა წყალმა ჩამორეცხა, ამ გზაზე ყოველდღე დავდივარ, მანქანისგან აღარაფერი დარჩა, გამუდმებით ვაკეთებ, მაგრამ ამაოდ. იმდენი ქვა და ორმოა, რომ შეუძლებელია მანქანის ქვედა ნაწილი არ დაზიანდეს. სახელმწიფო რაზე ფიქრობს, თან ტექდათვალიერებასაც ითხოვს, ჯერ გზა გააკეთონ, მერე მოითხოვონ“, – ამბობს სოფელ სამსარში მიკროავტობუსის მძღოლი.
სოფელ პატარა სამსარის უფლებამოსილი პირის, მუშეღ ავაკიანის თქმით, წელს გზა გაასწორეს, მაგრამ წვიმის წყალმა კვლავ ჩამორეცხა.
„დაახლოებით თვენახევრის წინ ჩატარდა გასწორების სამუშაოები, მაგრამ უამინდობის გამო გზა ისევ იგივე გახდა. ქვიშით უნდა დავფაროთ, მერია თანადგომას დაგვპირდა, ველოდებით“, – ამბობს ის.
ახალქალაქის სერვისცენტრის დირექტორის, მხითარ რსტაკიანის თქმით, წელს ქვების ამოღების სამუშაოები უკვე ჩატარებულია, საჭიროების შემთხვევაში შესაძლებელია ხელახლა ამოღება, თუმცა გზის ქვიშით დასაფარად სოფლის წარმომადგენელმა მერიაში დამატებით განცხადება უნდა შეიტანოს.
სოფელ სამსარში საგზაო პრობლემები წელიწადის ნებისმიერ დროს აქტუალურია. ზამთარში გზები ქარბუქის გამო იკეტება, წლის დანარჩენ დროს კი წვიმის წყალი რეცხავს, სოფლის მოსახლეობა ამ პრობლემებს მუდმივად აწყდება.