სოფელ ხოსპიოს სპორტული მოედანი LAG-ისგან მიღებული გრანტითა და სოფელ ხოსპიოსა და მარტუნის ინვესტიციით აშენდა. მინი-სტადიონით როგორც ამ სოფლების, ისე სხვა დასახლებების ახალგაზრდები სარგებლობენ.

სოფელ ხოსპიოს სათემო გაერთიანებამ, რომელიც ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ მარტუნს მოიცავს, ევროკავშირის ENPARD-2 პროგრამის ფარგლებში LAG-ის კონკურსში – ადგილობრივი განვითარების ჯგუფი – განაცხადი შეიტანა და 2018 წელს ორი სოფლის ახალგაზრდებისთვის სტადიონის მშენებლობისთვის გრანტი მოიპოვა. სოფლებმა, მარტუნმა და ხოსპიომ, 2018 წლის სოფლის მხარდაჭერის პროგრამაში საკუთარი სახსრები სტადიონის მშენებლობაში ჩადეს. სოფელ მარტუნისა და ხოსპიოს სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ოდენობამ თითო სოფელზე 12 000 ლარი შეადგინა.

სოფელ ხოსპიოსა და მარტუნში 3 ეროვნების წარმომადგენლები ცხოვრობენ: სომხები, ქართველები და ბერძნები. სტადიონი ამ ეროვნების ახალგაზრდების გაერთიანებისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციისთვის აშენდა. მისი აშენების გადაწყვეტილება საერთო შეხვედრაზე მიიღეს, როდესაც 2018 წელს სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში პრიორიტეტული სამუშაოები გადაწყვიტეს.

სტადიონის ასაშენებლად ადგილი სოფელ ხოსპიოსა და მარტუნის მახლობლად შეირჩა, რათა სოფელ მურჯახეთის, ჩამდურასა და ხორენიის ახალგაზრდებმაც შეძლონ მისით სარგებლობა.

სოფელ ხოსპიოს სპეციალისტის, ლევონ მინასიანის თქმით, სტადიონით არა მხოლოდ ორი სოფლის, არამედ მეზობელი სოფლების ახალგაზრდებიც სარგებლობენ.

„ახალგაზრდები მურჯახეთიდან, ჩამდურადან, ხორენიიდან, ახალქალაქიდან მოდიან. კონტროლისა და სტადიონი დასაცავად, გასაღებით ვკეტავთ და სათამაშოდ მოსულებისთვის ვხსნით. მეთვალყურე სტადიონთან ახლოს ცხოვრობს. სხვა ორგანიზაციებთან ერთად სტადიონის განათების პროგრამები გვაქვს. მერიამ კი ტექნიკა და სპორტული ტანსაცმელი შეისყიდა“, – განმარტავს ლევონ მინასიანი.

სტადიონზე ახალგაზრდები ფეხბურთსა და ფრენბურთს თამაშობენ. ფრენბურთის ბადე, სპეციალისტ ლევონ მინასიანის თქმით, მერიამ შეიძინა.