ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ მურჯახეთის ახალგაზრდები ყოველწლიურად სოფლისა და “ხაჩკარის” დღეს ფართო მასშტაბით აღნიშნავენ. ისინი აწყობენ საფეხბურთო ტურნირს, რომელშიც რაიონის სხვადასხვა სოფლების საფეხბურთო გუნდები მონაწილეობენ.
„ეს დღე ჩვენთვის ტრადიციული გახდა, ყოველწლიურად ვაწყობთ საფეხბურთო ტურნირს. ტურნირი დღეს დაიწყო, მასზე მოწვეული არიან გუნდები რაიონის რამდენიმე სოფლიდან. ფინალური მატჩი კვირას, 3 ივლისს გაიმართება“, – განაცხადა Jnews-თან საუბარში სოფელ მურჯახეთის ერთ-ერთმა ახალგაზრდამ, რუბენ გალოიანმა.
“ხაჩკარი” სოფელში დაახლოებით 25 წლის წინ აღმოაჩინეს. როგორც სოფლის მცხოვრებლები ამბობენ, ტრაქტორის მძღოლმა შემთხვევით ბენზინი დაასხა და ტრაქტორს ცეცხლი გაუჩნდა, ის პანიკურად გაიქცა, გადავარდა და ქვაზე დაეცა, იმ მომენტში კი პირობა დადო, რომ თუ გადარჩებოდა, ხალიჩებს დაუგებდა.
ტრაქტორის მძღოლი სასწაულებრივად გადაურჩა სიკვდილს, შემდეგ კი, როცა ისევ იმ ადგილას დაბრუნდა, “ხაჩკარი” იპოვა. ამის შემდეგ, “ხაჩკარი” მთლიანად ამოიღეს მიწიდან და სოფელში ძეგლად დადგეს. ამის შემდეგ, სოფელ მურჯახეთში ივლისის პირველ კვირას “ხაჩკარის” დღეს აღნიშნავენ.