საქართველოს მთავრობამ ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების ინფრასტრუქტურული სამუშაოებისთვის 81 018 ლარი გამოყო. ახალქალაქის მუნიციპალიტეტის 2 სოფლისთვის 71 100 ლარი გამოიყო, სოფელ ბუზავეტში შენობის სახურავი გარემონტდა, სოფელ აზმანში სველი წერტილი კეთილმოეწყო.
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულომ 29 ივნისს დაამტკიცა ორი სკოლის რემონტისთვის საჭირო თანხა, რომელიც საქართველოს მთავრობის 51-ე დადგენილების შესაბამისად გამოიყო. სკოლებში სამუშაოები დასრულების ეტაპზეა, პარალელურად მიმდინარე სამუშაოების შეფასების პროცესი ხორციელდება.
სოფელ ბუზავეტის საჯარო სკოლის რეაბილიტაციის ღირებულება 37 000 ლარია. ტენდერი ინდმეწარმე ზოია ამაზარიანმა მოიგო. სკოლის შენობის სახურავის რეაბილიტაციის სამუშაოები მიმდინარე წლის აპრილში დაიწყო და დასკვნით ეტაპზეა. სამუშაოები, დოკუმენტაციის მიხედვით, 2022 წლის 10 ივლისამდე უნდა დასრულდეს. რეაბილიტაციისთვის თავდაპირველად 46 018 ლარი იყო გამოყოფილი, თუმცა ტენდერის შედეგად კომპანიამ სამუშაოების შესრულება 9 018 ლარით ნაკლებ ფასად აიღო.
სოფელ აზმანის საჯარო სკოლის რეაბილიტაციაზე ტენდერი შარშან, 7 დეკემბერს გამოცხადდა. ხელშეკრულება კომპანიასთან 2021 წლის 30 დეკემბერს გაფორმდა. მუნიციპალიტეტმა 39 765 ლარი გამოყო. სამუშაოზე ტენდერი შპს „გოლდ 777“-მ 34 100 ლარის ოდენობით მოიგო. კომპანიას სკოლის აბაზანის კეთილმოწყობა მოუწია.
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურის, ტერიტორიული მართვის, არქიტექტურისა და სამშენებლო სამსახურის უფროსის, მაგდა ამირშადიანის თქმით, ტენდერი დეკემბერში გამოცხადდა, ახალქალაქში ზამთარში სამშენებლო სამუშაოების ჩატარება შეუძლებელია, ამიტომ გაზაფხულზე დაიწყეს.