ჯავახეთის SJGC გაზგამანაწილებელ კომპანიას მარტის თვეში 200 კუბამეტრზე ნაკლებ მოხმარებულ ბუნებრივ აირზე აბონენტების გადასახადის დაფარვის თანხა სუბსიდიების სახით სახელმწიფოსგან ჯერ არ მიუღია. ბუნებრივი აირის გადასახადის გადახდის ბოლო ვადა 18 რიცხვშია, თუმცა კომპანია აცხადებს, რომ სახელმწიფოსგან ჯერ გადარიცხვას ელოდებიან, ხოლო 22 აპრილის შემდეგ, თუ არ მოხდება გადარიცხვა, აბონენტებს მოუწევთ დავალიანება დაფარონ.
ახალქალაქის მუნიციპალიტეტში ბუნებრივი აირის გადასახადის სახელმწიფო სუბსიდირებით 4015 აბონენტი ისარგებლებს, ხოლო ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში- 2820 აბონენტი. გაზგამანაწილებელ კომპანია SJGC-ში, დაახლოებითი მონაცემებით, ჯამში 17000 აბონენტზე ოდნავ მეტია.
SJGC გაზგამანაწილებელი კომპანიიდან გვაცნობეს, რომ სახელმწიფო სუბსიდიების განაწილებას დღეს იწყებს და სავარაუდოდ თანხა კომპანიის ანგარიშზე 22-23 აპრილს ჩაირიცხება. აბონენტებს, ვინც მარტის თვეში 200 კუბამეტრზე ნაკლები ბუნებრივი აირი მოიხმარა, არ შეუწყვეტენ გაზის მიწოდება 22-23 აპრილამდე.
«ხალხმა 22-23 აპრილამდე უნდა მოიცადოს, ჩვენს ანგარიშზე უკვე იქნება თანხა, ჩვენ გადავურიცხავთ აბონენტებს. მაგრამ თუ ადამიანმა გადაიხადა, თანხა არ იკარგება, რადგან აბონენტის ანგარიშზე რჩება. იმ შემთხვევაში თუ სახელმწიფო გადარიცხვას დააგვიანებს, ხალხს გადასახადის შესახებ შევატყობინებთ, რადგან ბუნებრივი აირის შესაძენად SOCAR-ს თანხა ესაჭიროება»,- თქვეს SJGC გაზგამანაწილებელი კომპანიიდან.
შეგახსენებთ, რომ კორონავირუსის (COVID-19) გავრცელების სიტუაციის გამო სახელმწიფომ მიიღო გადაწყვეტილება მარტის, აპრილის და მაისის თვეების კომუნალური გადასახადები დაუფაროს იმ აბონენტებს, ვინც 200 კუბამეტრამდე ბუნებრივ აირს და 200 კილოვატამდე ელექტროენერგიას მოიხმარს, ასევე დაიფარება წყლისა და დასუფთავების გადასახადები.