თსუ-ს სტუდენტური მოძრაობა “ბრძოლა განათლებისთვის” წევრებმა განცხადება გაავრცელეს, სადაც მოუწოდებენ სტუდენტებს, ლექტორებს, ყველას ვისთვისაც განათლება, თანაბარუფლებიანი გარემო და სოციალური კეთილდღეობა შეუცვლელ ღირებულებას წარმოადგენს, შეუერთდნენ ბრძოლას რეალური ცვლილებებისთვის.

10 ივნისს, პროტესტანტმა სტუდენტებმა თსუ-ს რექტორის, გიორგი შარვაშიძის კაბინეტი დაიკავეს. ისინი რექტორის გადადგომას მოითხოვდნენ, თუმცა რამდენიმედღიანი მსჯელობის შემდეგ სტუდენტებმა რექტორატი დატოვეს.

“მოვითხოვთ სახელმწიფომ ააშენოს სტუდქალაქი, რათა მეტ-ნაკლებად მოგვარდეს სტუდენტების სოციალურად არასტაბილური მდგომარეობა. იმავდროულად ჩვენ ვხედავთ რექტორის არჩევის წესში ცვლილებების საჭიროებას, რაც უნივერსიტეტში დემოკრატიის ხარისხს მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს. რექტორის არჩევა პროფესორ-მასწავლებლების სრული მონაწილეობით უნდა ხორციელდებოდეს და არა მხოლოდ თსუ-ს სამეცნიერო საბჭოს მიერ, რომელიც 38 წევრისგან შედგება”, – ნათქვამია თსუ-ს სტუდენტების სტუდენტური მოძრაობის განცხადებაში.

თსუ სტუდენტურმა მოძრაობამ – „ბრძოლა განათლებისთვის“ მიზანს გარკვეულწილად მიაღწია.

“ნაწილობრივ სისტემური ხარვეზების გამო, უნივერსიტეტში შემოღებული იყო სწავლების ჰიბრიდული სისტემა და მიმდინარე სემესტრის განმავლობაში სტუდენტების საერთო საცხოვრებელი იყო უფასო მათთვის, ვისაც ქირის გადახდა არ შეეძლო. გაიხსნა 2 რეგიონალური საგამოცდო ცენტრი. გაიხსნა ლისის ტბაზე არსებული სტუდქალაქის მესამე კორპუსი და ტექნიკურად მეტ-ნაკლებად აღიჭურვა. გარდა ამისა, ჩვენს მიერ წამოწეულ საკითხებთან დაკავშირებით გაიმართა შეხვედრები უნივერსიტეტისა და სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლებთან”.

მოძრაობა “ბრძოლა განათლებისთვის” მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ მოლაპარაკებები, რაც შეიძლება მალე უნდა დასრულდეს და შესაბამისი ქმედებები განხორციელდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში მათი ბრძოლა იქნება თანმიმდევრული.

„მოვუწოდებთ სახელმწიფოს, სტუდენტებისთვის სოციალური პოლიტიკა შეიმუშაოს, რომელიც გააუმჯობესებს სტუდენტურ ცხოვრებას ქვეყანაში. შექმნილი რთული ვითარების გათვალისწინებით, ვტოვებთ ადმინისტრაციის შენობას, მაგრამ ეს არ არის საპროტესტო ტალღის დასასრული, არამედ ახალი წინააღმდეგობის დასაწყისი“.

თსუ-ს სტუდენტები რექტორის კაბინეტში შეიჭრნენ

სწავლა აუდიტორიებში, ძილი – ქუჩაში: პროტესტი თბილისში

ლიდა ალმასიანი