“თუ გსურთ ცოცხლები გადარჩეთ, დარჩით სახლში. სხვა გამოსავალი არ არის. თუ გსურთ, რომ ჩვენი ერი გადარჩეს, თუ გსურთ, რომ ჩვენი ეკლესია გადარჩეს, არ წახვიდეთ ეკლესიაში”, – ამ სიტყვებით მიმართ მოსახლეობას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ, ვირუსოლოგმა, პაატა იმნაძემ მოსახლეობას საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერიდან.
მისივე თქმით, იმ შემთხვევაში თუ მოქალაქეები მკაცრად დაიცავენ სპეციალისტების რეკომენდაციებს და სოციალურ აქტივობაზე უარს იტყვიან, ჯერ კიდევ რჩება შანსი, რომ ცუდი სცენარი არ გამართლდეს” და ქვეყანამ შედარებით მსუბუქად გადაიტანოს კორონავირუსის ეპიდემია.
როგორც იმნაძე აცხადებს, “დღემდე იყო დინამიკა, რომელიც იძლევა შესაძლებლობას, რომ ეპიდემიიდან საქართველო შედარებით ნაკლები დანაკარგით გამოვიდეს”.
“საუბარი არის არა მხოლოდ ეკონომიკურ დანაკარგებზე, არამედ ადამიანების სიცოცხლეზე. იმ შემთხვევაში თუ ვერ შევძლებთ ვითარების მართვას, რათა დაღუპულთა რაოდენობა მინიმუმამდე შევამციროთ, ძალიან მალე, უკვე მესამე კვირაში გველოდება ის, რაც მოხდა იტალიაში, მაშინ ჩვენ საქართველოში კუბოებს ვეღარ დავითვლით. ეს თუ არ გვინდა, უნდა დავრჩეთ სახლში”, – განაცხადა იმნაძემ.
“თუ გსურთ, რომ ცოცხლები გადავრჩეთ, დარჩით სახლში. სხვა გამოსავალი არ არის. თუ გსურთ, რომ ჩვენი ერი გადარჩეს, თუ გსურთ, რომ ჩვენი ეკლესია გადარჩეს, ნუ ივლით ეკლესიაში”, – განაცხადა ვირუსოლოგმა.
მისივე თქმით, ეს გაფრთხილება ეხება არა მხოლოდ ეკლესიას, არამედ ვირუსის გავრცელებას ოჯახებსა და მეზობლებს შორის.
“თქვენ ხედავთ ვითარებას, იცით სტატისტიკა, მთელმა საქართველომ იცის ზეპირად. ყოველ ოჯახში, მეგობრების წრეში, მეზობლად 5, 6, 7 ავადმყოფია. დროა შევიგნოთ, რომ დისტანცირება საჭიროა ოჯახშიც, არა მხოლოდ ქუჩაში”, – განაცხადა იმნაძემ.
სპეციალისტმა მოუწოდა ყველას, გაიაზრონ, რომ ქვეყანაში იწყება ვირუსის შიდა გადაცემის მასშტაბური ეტაპი.
“ეს ნიშნავს, რომ დღეს, ჩვენს გვერდით, დაინფიცირებული ადამიანები არიან, რომლებმაც არ იციან, რომ ისინი ინფიცირებულები არიან. ისინი ინფექციის გამავრცელებლები ხდებიან სიმპტომების გამოვლენამდე. რაც იმას ნიშნავს, რომ შესაძლოა იმ დღეს არანაირი სიმპტომები არ აღენიშნებოდეთ. როცა უმნიშვნელოდ ვლინდება სიმპტომები, მაშინ ეს ადამიანები ხდებიან გამავრცელებლები. ასეთი ადამიანები დღეს უკვე ჩვენს შორის არიან. ისინი მოვლენ თქვენთან სტუმრად და ამის შემდეგ ყველანი დაავადდებით. ისინი მივლენ ეკლესიაში და იქ ყველას დააავადებენ. ეს უნდა შეიგნოთ“, – განაცხადა იმნაძემ.
კითხვაზე, უნდა გამოაცხადოს თუ არა ხელისუფლებამ უფრო მკაცრი კარანტინი, იმნაძემ განაცხადა: თუ ადამიანები ვერ ხვდებიან, რომ სახლში უნდა დარჩნენ, ჩვენ გავხდებით იძულებულნი ეს გავაკეთოთ. ეს ხომ ნორმალურია, ასე მოიქცა მთელი დასავლეთი ევროპა. იქ ხალხს უკრძალავენ სახლიდან გასვლას, იგივე უნდა გაკეთდეს საქართველოში და გავხდებით იძულებულნი ეს მოვთხოვოთ ხელისუფლებას”, – განაცხადა იმნაძემ.
კორონავირუსი ადამიანიდან ადამიანზე ჰაერ-წვეთოვანი გზით გადადის, თანაც ეს ხდება სწრაფად, ვიდრე მანამდე ცნობილი ვირუსების შემთხვევაში. კორონავირუსით გამოწვეული დაავადება განსაკუთრებით საშიშია ასაკოვანი და ქრონიკული დაავადებების მქონე ადამიანებისთვის. ამასთანავე დაავადებულთა ნახევარს, არანაირი სიმპტომი არ აღენიშნება.
სპეციალისტები თანხმდებიან მოსაზრებაში, რომ მასობრივ ღონისძიებებში მონაწილეობამ შესაძლოა ეპიდემიურ აფეთქებამდე მიგვიყვანოს. უკანასკნელ 2 დღის განმავლობაში, როცა საქართველოში ე.წ ნახტომი დაფიქსირდა, როცა დღეში, ერთდროულად 30 ადამიანი დაინფიცირდა, სპეციალისტებმა განაცხადეს, რომ ქვეყნის სამედიცინო სისტემა ვერ გაუძლებს, თუ დაავადებულთა რაოდენობა 1000 ადამიანს გადააჭარბებს.
წყარო: Новости-Грузия