თბილისში საქართველოს პრეზიდენტის მიერ დაანონსებული, ევროპული კურსის მხარდამჭერი აქცია გაიმართება. მოქალაქეები ევროპის მოედანზე დღეს, 19:00 საათზე შეიკრიბებიან.
აქციის თაობაზე მოწოდება საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა 14 ივნისს გამართულ ბრიფინგზე გააკეთა. მან მოქალაქეებს მიმართა, შეიკრიბონ, რიყეზე, რათა „დავინახოთ ერთმანეთი და დავანახოთ ევროპას ჩვენი თავი, ჩვენი ერთობა“.
„ეს იქნება საზოგადოება, მოსახლეობა ერთად დგომით, სადაც ყველა იქნება რიგითი მოქალაქე. მე, თქვენ და ნებისმიერი პოლიტიკური პარტიის წევრები, ან ხელისუფლების წარმომადგენლები, მაგრამ ყველა მოვა როგორც რიგითი მოქალაქე, იქ არც სიტყვები იქნება, არც განცხადებები, არც პლაკატები, თუ ვინმეს სიმღერა უნდა შეუძლია იმღეროს, დანარჩენი იქნება მხოლოდ დგომა, რომ ჩვენ გვინდა ჩვენი შვილებისთვის, მომავალი თაობისთვის ევროპა“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა 14 ივნისს ბრიფინგზე.
ამასთან, სალომე ზურაბიშვილმა მოუწოდა ევროკავშირის ელჩსა და ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩებს, რომ 16 ივნისის ღონისძიებას შეუერთდნენ. მან ასევე 20 ივნისის შეკრების ორგანიზატორებსაც მიმართა და აღნიშნა, რომ „თუ დაფიქრდებიან, შეიძლება გადაიდოს ეს გამოსვლა”.
ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, აქციას რამდენიმე დიპლომატიური მისიის ხელმძღვანელი, მათ შორის გერმანიის და საფრანგეთის ელჩები შეუერთდებიან.