ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ სულდაში, სადაც რამდენიმე დღის წინ ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 7 წლის ბავშვი დაზარალდა, “მწოლიარე პოლიციელები” დამონტაჟდა. სოფლის მოსახლეობა კმაყოფილია, ადგილებიც და რაოდენობაც მათ თავად შეარჩიეს. სიჩქარის შემზღუდავი, სულ 7 ბარიერი დამონტაჟდა.

სოფლის დასაწყისში ასფალტის ორი ბორცვი დამონტაჟდა, ოთხი ცენტრალურ ნაწილში და ერთი ბოლოში.

„ახლა ყველაფერი რიგზეა, ბარიერები მოწყობილია, ნახეთ, როგორ მშვიდად მოძრაობენ სატვირთოები“, – ამბობს სოფლის მკვიდრი, კოლია მელტონიანი.

სოფლის მაცხოვრებლებს სურდათ, რომ სიჩქარის შეზღუდვის ბარიერები რეზინის ნაცვლად ასფალტისგან ყოფილიყო გაკეთებული, რაც მათივე აზრით, უფრო მტკიცე და გამძლეა.

კოლია მელტონიანი ამბობს, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი ბავშვების უსაფრთხოებაა.

აღსანიშნავია, რომ ხელოვნური ბარიერები ჯერ არ არის მონიშნული, ამიტომ ღამით ან წვიმიან ამინდში ისინი შესაძლოა მძღოლებმა ვერ შენიშნონ.

chka gcanshum

სოფლის მცხოვრებლების თქმით, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაზარალებული ბავშვის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, ის ამ დრომდე საავადმყოფოში რჩება და მკურნალობს.

შეგახსენებთ, რომ 11 ივნისს, დაახლოებით 10:00 საათზე, სოფელ სულდაში საერთაშორისო ტვირთების გადაზიდვის სატვირთო მანქანა 7 წლის გოგონას დაეჯახა. ამის შემდეგ, სოფლის მოსახლეობამ გზა გადაკეტა და სოფლის გზაზე ხელოვნური ბარიერების დამონტაჟება მოითხოვა.