ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ დადეშში, კარწახის გზატკეცილიდან სოფლამდე გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. რეაბილიტაციის პროექტი მზად არის, თანხა გამოყოფილია, მშენებლები მუშაობენ, მაგრამ 300 მეტრი სიგრძის გზა ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის პასუხისმგებლობის ზონაშია და მისი შეხების საშუალებას არ იძლევა.

სოფლის მოსახლეობის მიერ გამოყენებული გზა, რომლის რეაბილიტაციაც მიმდინარეობს, დროებითია. ბაქო-თბილისი-ყარსის ადმინისტრაციამ გზის ამ ნაწილის გამოყენება დაუშვა მანამდე, სანამ რკინიგზა სრული დატვირთვით ამუშავდება. არსებული გზის ნაცვლად, ბაქო-თბილისი-ყარსმა შესთავაზა გამოეყენებინათ მეორე, 200 მეტრის დაშორებით, რომელიც გაივლიდა რკინიგზის ხაზის ქვემოთ მდებარე გადასასვლელს, მაგრამ ახალი გზა სოფლის მოსახლეობისთვის კეთილმოწყობილი არ არის.  ახლა „ახალი გზა“ გამწვანებული ველია. ზამთარში კი რკინიგზის ქვეშ გადასასვლელი თოვლით არის დაფარული.

dadesh2
ახალი გზა

dadesh1

ძველი გზა

წელს ადგილობრივმა ბიუჯეტმა კარწახის გზატკეცილიდან სოფელ დადეშამდე გზის 2600 მ სიგრძის რეაბილიტაციისთვის გამოყო, გზა დაბეტონდება. ამ სამუშაოებზე ტენდერი შპს „ჯავახავტოგზამ“ 1 026 000 ლარის ოდენობით მოიგო.

სარეაბილიტაციო სამუშაოები დაწყებულია, გზა ხრეშით არის დაფარული, მაგრამ სარკინიგზო ხაზის ერთ მხარეს 200 მეტრი გზის, მეორე მხარეს 100 მეტრის რეაბილიტაცია შეუძლებელია.

სოფელ დადეშში გზის რეაბილიტაციის პროექტი სწორედ არსებული, დროებითი გზის გავლით შედგა, მიუხედავად იმისა, რომ არსებული გზის დროებითი სარგებლობის შესახებ 2014 წლიდან ცნობილია. სოფლის მცხოვრებლებმა ხელი მოაწერეს ხელშეკრულებას ამ მიწების ბაქო-ღბილისი-ყარსის მშენებლობისთვის გადაცემაზე და შეთანხმდნენ სხვა გზის გამოყენებაზე.

„ამბობენ, რომ მოვაწერეთ ხელი, რომ თანახმა ვართ ამ ნაკვეთების გადაცემაზე, მაგრამ მოსახლეობამ არ იცოდა, რას აწერდა ხელს“, – ამბობს სოფლის მკვიდრი მანველ საროიანი.

მხითარ აპოიანი აღშფოთებულია, რომ ამდენი წელი გავიდა, მაგრამ რკინიგზის ხელმძღვანელობას არაფერი გაუკეთებია ახალი გზის გასაუმჯობესებლად.

„გზა რომ გადაგვიკეტონ, სანაცვლოდ სხვა უნდა შემოგვთავაზონ, გზა ხომ უნდა გვქონდეს, მაშინ ეს მეორე ააშენონ. ჩვენ გვინდა, რომ ჩვენი გზა იყოს უსაფრთხო. ახლა თითოეულ მხარეს დადეშის ხალხის ხარჯზე უნდა ეკონომიის გაკეთება, ფულის დაზოგვა, მე უკვე მივხვდი, რომ ძველ გზას ვეღარ გამოვიყენებთ, მაგრამ ახალი მაინც გაგვიკეთონ და მოაასფალტონ“, – ამბობს მხითარ აფოიანი.

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერმა, მელქონ მაკარიანმა თქვა, რომ მოსახლეობა ზარალშია, თუმცა გამოსავლის პოვნას ცდილობენ.

„რადგან შემოთავაზებული გზა ბაქო-თბილისი-ყარსის მხრიდან არ იყო გაკეთებული, როცა ტენდერი გამოვაცხადეთ, მაპროექტებელმა ზუსტად ძველი ხაზი აიღო, მარაბდა-კარწახის კომპანიას ახალი გზის აშენება მოუწია, მათი არგუმენტია დროის არქონა. შევთავაზეთ, რომ ახალი გზა აეშენებინათ ნორმალურად, ბეტონით, როგორც ახლა ვაშენებთ დანარჩენს. ახლა მოლაპარაკების პროცესში ვართ, პროექტის კორექტირებას ვაკეთებთ, მთლიანად ბეტონის გზას ვაგებთ, სოფელში შევალთ, 300 მეტრის გამოკლებით. ახალი გზის თაობაზე საბოლოო პასუხი მოლაპარაკებების შემდეგ გვექნება “, – თქვა ახალქალაქის მერმა. მელქონ მაკარიანმა.