ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ კორხში პრობლემები ძალიან განსხვავებულია: გზების სავალალო მდგომარეობით დაწყებული, სკოლამდელი დაწესებულების არარსებობით დასრულებული. როგორც სოფელ კორხის მოსახლეობა ამბობს, სოფლის პრობლემებს საკუთარი ძალებით და რუსეთში წასული ნათესავების ხარჯზე აგვარებენ.
სოფლის მოსახლეობამ თავად მოაგვარა ქუჩების განათებისა და გაზიფიცირების საკითხი, აგრძელებენ სოფელში საბავშვო ბაღის შენობის მშენებლობას, რომელიც ჯერ არ დასრულებულა.
ამბობენ, ერთადერთი, რაც მთავრობამ კორხისთვის გააკეთა, ნაგვის ურნების დამონტაჟებაა. ახლა მათი ერთადერთი სურვილი სოფლის შიდა გზების მოასფალტებაა.
„სხვა სოფლებში გზები უკვე სამჯერ მოაასფალტეს, მაგრამ ჩვენს სოფელზე, არც ფიქრობენ. ეს არის ამ დროისთვის მთავარი პრობლემა კორხში, მიუხედავად იმისა, რომ პრობლემების ჩამონათვალი საკმაოდ გრძელია“, – ამბობს კორხის მოსახლეობა.
აქ სასმელი წყლის პრობლემაც აქვთ. წყლით მომარაგება ორ სოფელზეა გათვლილი, დანარჩენებს წყალი არ აქვთ, ასევე არ არის სარწყავი წყალიც.
„სოფელში ყველაფერი ჩვენით გავაკეთეთ, დავამონტაჟეთ ქუჩის განათება. ჩვენმა ქველმოქმედებმა საბავშვო ბაღის მშენებლობა დაიწყეს, მაგრამ ის ჯერ კიდევ დაუმთავრებელია. მთავრობა ყურადღებას იჩენს სხვა სოფლების მიმართ და არაფერს აკეთებენ ჩვენი სოფლისთვის“, – ამბობენ ისინი.
სოფლის სპეციალისტმა, გარნიკ განდილიანმა ჩვენს კითხვაზე, იგეგმება თუ არა წლეულს გზის მოასფალტება, გვიპასუხა:
„ბატონ მაკარიანს ველაპარაკე, მითხრა, არის სოფლები, რომლებსაც მეტად სჭირდებათ ასფალტი, ამიტომ წლეულს ჩვენი სოფლის გზის მოასფალტების პროექტი არ არის“, – ამბობს სოფლის სპეციალისტი.
მიუხედავად იმისა, რომ სოფლის მცხოვრებლები საკუთარ სოფელში ყველაფერს თავად აკეთებენ, აღსანიშნავია, რომ სოფელში სახელმწიფო პროგრამით სხვადასხვა სამუშაოები ჩატარდა. მაგალითად, შარშან სოფლის პროგრამით სოფლის სასმელი წყლის მილსადენი შეიცვალა, წელს კი სათამაშო მოედნის ან პირველადი სამედიცინო დახმარების პუნქტის აშენებას გეგმავენ.