ახალქალაქის მუნიციპალიტეტში ოკამი-ქარცეფის გზის 1,2 კმ-იანი მონაკვეთის მოასფალტება მიმდინარეობს. სამუშაოებს ადგილობრივი ბიუჯეტი აფინანსებს. ტენდერი 642 000 ლარის ოდენობით შპს “ჯავახავტოგზამ” მოიგო.
სამუშაოები 1 მაისს დაიწყო. ამ წუთებში ასფალტის საძირკველი მზად არის და ასფალტის პირველი ფენის დაგება მიმდინარეობს. ამ მონაკვეთის რეაბილიტაციისთვის მუნიციპალიტეტმა 738 631 ლარი გამოყო, თუმცა ტენდერში 642 000 ლარის ოდენობით კომპანია „ჯავახავტოგზამ“ გაიმარჯვა.
მშენებლობაზე მუშაობენ მუშები ახალქალაქიდან, ახალციხიდან, ასპინძიდან.
„ერთი თვეა რაც ვმუშაობთ, ასფალტის პირველი ფენა უკვე დაგებულია, მერე ავაშენებთ ხიდებს, გზებს და გასასვლელებს“, – თქვა მუშამ.
დასახლებებში გზის ორივე მხარეს გაკეთდება არხები, რომლებიც რკინის ბადეებით დაიკეტება, მოასფალტდება გზიდან გასასვლელები მცხოვრებთა სახლებისკენ.
შენდება 6 მეტრი სიგანის გზა, 7 მ მოსახვევებით. ასფალტის სიმაღლე, მშენებლების თქმით, 10 სმ-ია.
“დამთავრების თარიღი 8 აგვისტოა, დრო გვაქვს, პრობლემა არ გვაქვს არც ტექნიკით და არც მუშების მხრივ. უბრალოდ, ამინდი არ იძლევა მუშაობის საშუალებას, დღეს გვინდოდა მოასფალტება, მაგრამ ცუდი ამინდი იყო”, – ამბობს სამუშაოს ხელძღვანელი, მკრტიჩ თუმასიანი.