დღეს, 7 ივნისს, ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ სულდაში დაახლოებით შუადღისას წვიმა დაიწყო, რომელიც სეტყვაში გადაიზარდა. როგორც ადგილობრივები ამბობენ, სეტყვამ სოფელს ზიანი მიაყენა.
ტერიტორია, რომელზეც სოფელი სულდა მდებარეობს, ერთ საათში გადათეთრდა, სეტყვა, მოსახლეობის თქმით, დაახლოებით ერთი საათის განმავლობაში მოდიოდა. მათი თქმით, დაზიანდა ბოსტნეული, ხეხილი, ასევე ქერი და ხორბალი, ეს ის კულტურებია რაც ამ ტერიტორიაზე მოჰყავთ. სულდაში ძირითადად მოჰყავთ ქერი და კარტოფილი. კარტოფილი ძირითადად ჯერ არ არის საკმარისად გაზრდილი სეტყვას რომ დაეზიანებინა.
„გარეთ გასვლა შეუძლებელი იყო, ძლიერი სეტყვა იყო, დაახლოებით ერთ საათს გაგრძელდა, ჩვენც გაგვიკვირდა ამდენი ხანი, სეტყვა იყო საშუალო ზომის, დიდი ალბათობით დაზიანდა ბოსტნეული კულტურები, მაგალითად, კომბოსტო, ხეხილი, რომლის ყვავილობის პერიოდია. ეს არის ალუბალი, ვაშლი და ასე შემდეგ“, – ამბობს სოფლის მკვიდრი, ედიკ თოროიანი.