ახალქალაქის მუნიციპალიტეტის 2020 წლის ბიუჯეტი უკვე დამტკიცდა. მიუხედავად იმისა, რომ ქალაქის მერია სპორტსკოლას გათბობის გაყვანას დაპირდა, ქალაქის ბიუჯეტში ეს ყოველივე ისევ არ არის გათვალისწინებული. ახალქალაქის თვითმართველობაში კვლავ პირდებიან, რომ შეეცდებიან სხვა სახსრებით გაიყვანონ გათბობა.
ამინდის გაუარესებასა და სიცივეებთან ერთად ახალქალაქის სპორტსკოლის დარბაზის გათბობის პრობლემა აქტუალური ხდება. სპორტსკოლის დიდი დარბაზის გარდა დანარჩენი შენობა მთლიანად თბება. აქ ძირითადად სხვადასხვა საწრეო მეცადინეობა ტარდება. ადრე მერიაში დაპირდნენ, რომ ეს საკითხი წელს თუ ვერა, მომავალ წელს მაინც მოგვარდებოდა.
სკოლის შენობა 1935 წელს იყო აშენებული. ამჟამად სკოლაში ფუნქციონირებს ფეხბურთის, სამაგიდო ტენისის, ფრენბურთის, მინი-ფეხბურთის, კრივის, კარატეს და რაგბის სექციები. შარშან შენობა ადგილობრივი ბიუჯეტის სახსრებით გაარემონტეს, თუმცა ცენტრალური გათბობა გაყვანილი არ იყო.
ტრენერები ჩივიან, რომ ზამთრის პერიოდში აქ რეგულარული ვარჯიში შეუძლებელია, ასე ბავშვების ჯანმრთელობას საფრთხეს ექმნება. როგორც წინათ Jnews-თან ინტერვიუში კარატის ტრენერმა, რაფაელ დარბინიანმა აღნიშნა, ზამთარში მათ პატარებთან ვარჯიშის შეჩერება უწევთ, რათა ისინი არ გაცივდნენ.
ახალქალაქის 2020 წლის ბიუჯეტი 17 დეკემბერს დამტკიცდა. სპორტსკოლაში გათბობის გაყვანილობის პუნქტი ბიუჯეტში არ არის შეტანილი.
მერის მოადგილის, არმენ მარანგოზიანის თქმით, ამჟამად გათბობის ხარჯები არ არის გათვალისწინებული, თუმცა ეს საბოლოო გადაწყვეტილება არ არის.
მისი მტკიცებით, ადგილობრივ ბიუჯეტში ჯერ კიდევ ბევრი რამ არ არის შეტანილი.
“ჩვენ შევეცდებით, რომ 2020 წელს მოგვარდეს სპორტსკოლის გათბობის საკითხი”,- ამბობს არმენ მარანგოზიანი.