შემოსავლების სამსახურის ცნობით, თურქეთის მხარეს მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, „ვალეს“ საბაჟო გამშვები პუნქტის ამუშავების დათქმული ვადები გახანგრძლივდა.
უწყების ინფორმაციით, თურქეთის რესპუბლიკის მხარეს სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე, საბაჟო გამშვები პუნქტი „ვალე“ ჩვეულ რეჟიმში, სრული დატვირთვით გააგრძელებს მუშაობას.
„ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ 2022 წლის 25 აპრილიდან, თურქეთის რესპუბლიკის მხარეს, (საბაჟო გამშვები პუნქტი „პოსოფ-თორქგოზუ“) მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო „ვალეს“ საბაჟო გამშვებ პუნქტზე შეჩერებულია საბაჟო კონტროლის პროცედურები. ამასთან, თურქული მხარის თხოვნით, სარემონტო სამუშაოების წარმოების გრაფიკის ივლისის ჩათვლით გადავადების გამო, საქართველოს საბაჟო საზღვარზე საქონლის შემოტანა-გატანა, აგრეთვე „ვალეს“ საბაჟო გამშვები პუნქტის გავლით სახელმწიფო საზღვრის გადამკვეთ ფიზიკურ პირთა მიმართ საბაჟო კონტროლის პროცედურები ვერ განხორციელდება.
აქვე აღვნიშნავთ, რომ „ვალეს“ საბაჟო გამშვები პუნქტის მებაჟე ოფიცრების სრული შემადგენლობა სამსახურებრივი მოვალეობის შესასრულებლად „კარწახის“ საბაჟო გამშვებ პუნქტზე გადანაწილდნენ.
თურქეთის რესპუბლიკის მხარეს სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე, საბაჟო გამშვები პუნქტი „ვალე“ ჩვეულ რეჟიმში, სრული დატვირთვით გააგრძელებს მუშაობას. შესაბამისად, მგზავრებისა და ტვირთების გატარება შეუფერხებლად განხორციელდება. ამასთან, შემოსავლების სამსახური გაცნობებთ, რომ დანიშნულების ქვეყნების მიმართულებით, საზღვრის კვეთის პროცედურები შესაძლებელია განხორციელდეს საბაჟო გამშვები პუნქტი „კარწახის“ მიმართულებით, რომელიც გაზრდილი საერთაშორისო ტვირთბრუნვის გამო, განსაკუთრებულ რეჟიმში, სრული დატვირთვით ფუნქციონირებს. საქართველოსა და თურქეთის რესპუბლიკების საბაჟო ადმინისტრაციებს შორის, არსებობს მჭიდრო კომუნიკაცია, იმისთვის, რომ აღნიშნული საბაჟო გამშვები პუნქტის გავლით შეუფერხებლად მოხდეს გაზრდილი ტვირთნაკადის გატარება.
ამასთან, გაცნობებთ, რომ გაზრდილი საერთაშორისო ტვირთნაკადის პირობებში, ბოლო ერთი თვის მონაცემებით, მხოლოდ საბაჟო გამშვები პუნქტი – „კარწახის“ გავლით საქართველოს ტერიტორიაზე შემოვიდა 5 000-ზე მეტი სატვირთო ავტომობილი, ხოლო საქართველოდან გავიდა 9 200 სატრანსპორტო საშუალება, რაც წინა წლის იგივე პერიოდის მაჩვენებელს შემოსვლაზე 233 პროცენტული პუნქტით, ხოლო გასვლაზე 513%-ით აღემატება“, – აცხადებენ უწყებაში.
წყარო: 1tv.ge