საგარეო საქმეთა სამინისტროს შენობა, რომელიც თბილისში, ჩიტაძის #4-6 ნომერში მდებარეობს, მიწისძვრის გამო დაზიანდა და შენობის ნაწილიდან ეროვნული ბანკის ყოფილ შენობაში გადააქვთ როგორც საოფისე ტექნიკა, ასევე გადაჰყავთ პერსონალიც.
შენობიდან ტვირთის გადაზიდვისა და შენახვის მომსახურებები ბიუჯეტს წინასწარი შეფასებით 26 100 ლარი უნდა დაუჯდეს. ამის შესახებ მეტყველებს გამარტივებული შესყიდვის შესახებ განცხადება, რომელიც 10 მაისამდე უნდა განიხილონ.
სამინისტრო შესყიდვის აუიცილებლობას ასე განმარტავს:
“2022 წლის 13 თებერვალს მომხდარი მიწისძვრის შედეგად საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ადმინისტრაციულ შენობათა კომპლექსის ყველა კორპუსში (მის: ქ. თბილისი, შ. ჩიტაძის ქ.#4-6) ბზარების გადიდების გამო, შენობების მდგრადობის მდგომარეობის გადასამოწმებლად განხორციელდა ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ საექსპერტო მომსახურების გაწევა. 2022 წლის 7 აპრილის #002126422 ექსპერტიზის დასკვნის (იხ. მიმაგრებული ფაილი) მიხედვით, ქ. თბილისში, შიო ჩიტაძის ქ. #4-6 ში მდებარე საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ადმინისტრაციულ შენობათა კომპლექსის ტექნიკური მდგომარეობა შეფასდა როგორც არადამაკმაყოფილებელი და სეისმურ ნორმებთან შეუსაბამო.
შესაბამისად, მაქსიმალურად მოკლე ვადებში აუცილებელია შენობის იმ პერიმეტრის დაცლა, სადაც დასკვნის მიხედვით უსაფრთხოების ზომების მიღებამდე უნდა აიკრძალოს კომუნიკაცია და საჭიროა სამინისტროს ხელმძღვანელობის და თანამშრომელთა გარკვეული ნაწილის გადასვლა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსთვის სარგებლობის უფლებით გადმოცემულ შენობა-ნაგებობაში, მისამართზე: ქ. თბილისი, ლეონიძის ქ. #3. [ავტორისგან: ეროვნული ბანკის ყოფილი შენობა]აღნიშნულმა გარემოებამ განაპირობა მითითებულ მისამართზე სამინისტროს თანამშრომელთა საოფისე ინვენტარის, დოკუმენტაციის და ტექნიკის გადაზიდვის მომსახურებების შესყიდვა გადაუდებელი აუცილებლობის საფუძვლით,“.
უწყება ამავე დოკუმენტაციაში ამბობს, რომ თუ შენობიდან გადასვლა დაყოვნდა, ეს გამოიწვევს სამინისტროს სამუშაო პროცესის მნიშვნელოვან შეფერხებას. შესაძლებელია საფრთხე შეექმნას როგორც შენობაში მყოფი თანამშრომლების/პირების ჯანმრთელობას, ასევე, სახელმწიფო ქონებას.
13 თებერვალს საქართველოში 6.2 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა, რომლის ეპიცენტრი სოფელ სამებასთან იყო. ძლიერი ბიძგები თბილისშიც იგრძნობოდა.