ახალქალაქში, ცენტრალური ქუჩის რეაბილიტაციის შემდეგ, №4 საჯარო სკოლასთან ავტოსაგზაო შემთხვევები გახშირდა. აღმაშნებლის ქუჩაზე მდებარე №4 სკოლის მოსწავლეთა მშობლებმა სხვადასხვა დაწესებულებას მიმართეს, რათა საგანგებოდ მიღებულ იქნეს ზომები, დაყენდეს მოძრაობის შემზღუდავი საგზაო ნიშნები და ხელოვნური ბარიერები. მერია ამის გაკეთებას დაპირდა, თუმცა კვლავ არ არის ცნობილი თუ როდის მოხდება ეს.
26 ნოემბერს №4 სკოლასთან მიმავალ ქვეითს მანქანა დაეჯახა. 37 წლის ქალბატონი ჯერ ადგილობრივ საავადმყოფოში, ხოლო შემდეგ თბილისის კლინიკაში სხეულის სხვადასხვა მოტეხილობებით იყო გადაყვანილი. №4 საჯარო სკოლის მოსწავლეები, რომლებიც მეორე ცვლაში სწავლობენ, შეშინდნენ როდესავ ავტოსაგზაო შემთხვევის ხმა გაიგონეს.
მოსწავლეების მშობლები ამ შემთხვევის შემდეგ, სკოლასთან ბავშვების უსაფრთხო გადაადგილების საკითხით განსაკუთრებით შეწუხებულნი არიან.
29 ნოემბერს №4 სკოლის მოსწავლეთა მშობლებმა სამ დაწესებულებას მიმართეს თხოვნით. წერილში მშობლები ითხოვენ, რომ სასწრაფოდ მიღებულ იქნეს საჭირო ზომები, რათა ბავშვების უსაფრთხოება სკოლასთან გადაადგილებისას იყოს დაცული.
განაცხადი გაიგზავნა საქართველოს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტში, საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტსა და ახალქალაქის მერიაში.
საქართველოს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტმა მშობლებს საპასუხო წერილით მიმართა სადაც აღნიშნა, რომ წინააღმდეგი არ არის სარეაბილიტაციო სამუშაოების შემდეგ დააყენოს ხელოვნური საგზაო ბარიერები და სხვა შემაბრკოლებელ ნიშნების. ასევე დეპარტამენტმა გვაცნობა, რომ მშობლების წერილი ქალაქის მერიაშიც იყო გადაგზავნილი.
ახალქალაქის მერიაში, სადაც წერილი ორჯერ მივიდა, საქმის კურსში იყვნენ. ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერი იურიკ უნანიანი ამბობს, რომ აპირებენ მიმართონ სამშენებლო კომპანიას თხოვნით, რათა აღნიშნული სამუშაოები რაც შეიძლება მალე დაასრულონ.
“ჩვენ ვთხოვთ სამშენებლო კომპანიას, რომ სასწრაფოდ მოაგვარონ ეს პრობლემა, რა თქმა უნდა თუ ეს პროექტის მიხედვითაა გათვალისწინებული. თუ არა, მაშასადამე ახალ ტენდერს გამოვაცხადებთ, როგორც კი ამის შესაძლებლობა იქნება”,- ამბობს ის.
კონკრეტულად არაა ცნობილი თუ როდის მოგვარდება აღნიშნული პრობლემა, თუმცა მერიაში დაგვპირდნენ, რომ საკითხს სწრაფად მოაგვარებდნენ.
მერის მტკიცებით, ქალაქის ცენტრში, სხვა ქუჩების მსგავსად ასფალტის ე.წ. მწოლიარე პოლიციელები კი არ იქნება, არამედ სტანდარტების შესაბამისი ხელოვნური საგზაო ბარიერები დაყენდება.