ახალქალაქის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე ჰასმიკ მარანგოზიანს ორგანიზაცია “სამართლიანი არჩევნები” (ISFED) დამკვირვებელზე ზემოქმედებაში ადანაშაულებს, ხოლო თავად საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე ბრალდებას კატეგორიულად უარყოფს.
14 ნოემბერს, საღამოს, ორგანიზაცია “სამართლიანი არჩევნების” (ISFED) აღასრულებელმა დირექტორმა Facebook-ის საკუთარ გვერდზე გამოაქვეყნა სტატუსი, რომელშიც ახალქალაქის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს ადანაშაულებს იმაში, რომ მან ორგანიზაციის დამკვირვებელს დაურეკა და უთხრა, რომ თუ არაფერი არ აქვს საქმე, ყარაბაღში საბრძოლველად წავიდეს.
“ახალქალაქის საოლქო კომისიის თავმჯდომარე სრულიად არაადეკვატური და სამარცხვინოა. სასამართლო პროცესის შემდეგ “სამართლიანი არჩევნების” დამკვირვებელს ტელეფონზე დაურეკა, გალანძღა, “უსაქმური” უწოდა და უთხრა, – საჩივრის წერის ნაცვლად, “ყარაბაღში, რატომ არ მიდიხარ საბრძოლველადო”. ამ ადამიანის აგრესიული და არაადეკვატური საქციელი ახალი ამბავი არაა, ადრეც არაერთხელ გვსმენია, მაგრამ მიუხედავად ამისა, მაინც აგრძელებს მუშაობას საოლქო კომისიაში. ამჯერად გადააჭარბა მგონი ყველაფერს. დამკვირვებელზე ზეწოლას ახდენს, თან უკანონო ქმედებისკენ მოუწოდებს. საინტერესოა, რა სტანდარტებში და ეთიკის ნორმებში ჯდება ეს საქციელი. ასეთი ადამიანები, რომ ატარებენ არჩევნებს, ამიტომ არის ამდენი პრობლემები და კითხვის ნიშნები”, – დაწერა ელენე ნიჟარაძემ საკუთარ სტატუსში.
აღნიშნული სტატუსი ასევე გააზიარა ISFED-ის რეგიონალურმა ხელმძღვანელმა, ნინო ბიბილეიშვილმა. მისი თქმით, მას შემდეგ, რაც ახალქალაქის საოლქო საარჩევნო კომისიამ “სამართლიანი არჩევნების” მიერ დაწერილი საჩივრები განიხილა და არ დააკმაყოფილა, ორგანიზაციამ საოლქო საარჩევნო კომისიის ერთი გადაწყვეტილება სასამართლოში გაასაჩივრა.
“სარჩელი, არც სასამართლომ დააკმაყოფილა. სასამართლო პროცესის შემდეგ, მან ჩვენს წარმომადგენელს დაურეკა, რომელსაც არ სურს ვინაობის გამხელა, რადგან იცით, თქვენთან რა ვითარებაა, როგორია იმ ადამიანების მდგომარეობა, რომლებიც ჯავახეთში სიმართლეს ამბობენ. თქვენ იცით, როგორი ლაპარაკი შეუძლია მას”, – ამბობს ნინო ბიბილეიშვილი.